„გვინდა ჩამოვაყალიბოთ ჰაბი და ვიყოთ გამტარი ქვეყანა, თუმცა ამას მხოლოდ აეროპორტები ვერ გააკეთებს, ამას სჭირდება მეტი ქართული ავიაკომპანია“ – გიორგი მოლოდინაშვილი

„გვინდა ჩამოვაყალიბოთ ჰაბი და ვიყოთ გამტარი ქვეყანა, თუმცა ამას მხოლოდ აეროპორტები ვერ გააკეთებს, ამას სჭირდება მეტი ქართული ავიაკომპანია“ – გიორგი მოლოდინაშვილი
2024 წელს თელავის აეროპორტის სრულ მოდერნიზება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ახალ სამთავრობო პროგრამაში წერია, რომელიც მ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.
თელავის აეროპორტის განვითარების გეგმაზე მთავრობა წინა წელსაც საუბრობდა, მაშინ ითქვა, რომ აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს და ახალი სამგზავრო ტერმინალი, წელიწადში, 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება. პირველადი შეფასებით კი მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს.
საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყანაში მეტი ქართული ავიაკომპანია იყოს.
„ინფრასტრუქტურული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარება ცხადია ხელს შეუწყობს საავიაციო სფეროს და მგზავრთნაკადის მომსახურებას, რომელსაც ელოდება ქვეყანა მომდევნო წლებში. რაც შეეხება, მგზავრთნაკადის შექმნას და ზრდას, ამას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებს მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ამას სჭირდება ავიაკომპანიები და ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ყოფილიყო მეტი ქართული ავიაკომპანია.
გვინდა ჩამოვაყალიბოთ ჰაბი და ვიყოთ გამტარი ქვეყანა, თუმცა ამას მხოლოდ აეროპორტები ვერ გააკეთებს, ამას სჭირდება მეტი ქართული ავიაკომპანია. რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა საჭიროა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც შექმნიან რეალურ შედეგს და მგზავრთნაკადს ქვეყანაში“, – ამბობს გიორგი მოლოდინაშვილი.
გიორგი მოლოდინაშვილის თქმით, რთულია იმაზე საუბარი თუ რამდენად რეალისტურია მთავრობის პროგრამაში გაწერილი საავიაციო გეგმა, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა მისი თქმით, კახეთის განვითარებისთვის აეროპორტის მშენებლობა კარგი ინიციატივაა, თუნდაც პირველ ეტაპზე შიდა ფრენების განვითარების მიმართულებით.
თელავის აეროპორტის განვითარების გარდა, სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. აღნიშნული პროგნოზი საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებითა და ავიაკომპანიებთან პროაქტიური თანამშრომლობით არსებული ოპერირების გაზრდის, ასევე საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისა და ახალი მიმართულებებით ოპერირების დაწყებითაა განპირობებული.
სამთავრობო პროგრამის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების ნაწილში ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტების, ასევე გასულ წელს დაანონსებული ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტების პროექტის განვითარების შესახებაც არის საუბარი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუ ვაზიანის აეროპორტი აშენდება, თბილისს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რაც როგორც ჩანს პროექტის პირველადი შეფასებით დგინდება.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2024 წელს ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება დასრულდება და ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ მიმართულებით მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს ს საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, მისი გამტარუნარიანობა შეფასდება.