„საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და პოპულარული მიმართულება ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, სტარტაპებისთვის და ეს არის როგორც ბუნებრივი გარემოებების, ასევე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით შექმნილი უპირატესობების ერთობლიობა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაერთიანებულ სამეფოში მესამედ, უშუალოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე კი პირველად ჩატარდა და მას 180-ზე მეტი მოქმედი და პოტენციური ინვესტორი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტად განავითაროს დერეფანი საქონლისა და მომსახურების ტრანზიტისთვის ევროპასა და აზიას შორის. მისი თქმით, რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა აღნიშნული დერეფნის მნიშვნელობა მკვეთრად გაზარდა. ამავე დროს, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა უპირატესობებსაც, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბოლო ათწლეულში შექმნა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ღია და ლიბერალური ეკონომიკა ეფექტიანი მარეგულირებელი და საგადასახადო გარემოთი. ასევე გავაგრძელებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას მსოფლიოს დიდ ბაზრებთან. თუ გადახედავთ ბიზნესის განვითარების გლობალურ რეიტინგებს, ნახავთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ლიდერი პოზიციები აქვს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის “ბიზნესისთვის მზაობის” რეიტინგით საქართველო თითქმის ყველა იმ მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესო ხუთ ქვეყანას შორისაა, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინოვაციური ეკო – სისტემის განვითარების კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მისი თქმით, მთავრობა, ერთი მხრივ, აქტიურად ავითარებს ინოვაციების ინფრასტრუქტურას და მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს IT განათლებაში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, მეორე მხრივ კი, შეღავათიანი საგადასახადო კანონმდებლობის მიღებით, ქვეყანაში იწვევს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღინიშნა, მთავრობის მიერ შექმნილი უპირატესობები ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან იმპულსს ქმნის, რაც ბოლო ოთხ წელიწადში აისახა როგორც მშპ-ს, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაში. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების დაახლოებით 80 პროცენტი რეინვესტირებულია, რაც, მისი შეფასებით, საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა მხოლოდ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების მქონე ქვეყნად, არამედ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის სექტორებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მიმზიდველი შეიძლება იყოს ინვესტორებისთვის. მათ შორისაა, განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტო და ლოგისტიკა, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, საფინანსო სექტორი და სხვ. ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, მოდერნიზებული რკინიგზა, ახალი აეროპორტი თბილისში, აღმოსავლეთ – დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი და ა.შ.
მინისტრის მოადგილემ ასევე განსაკუთრებით გამოყო კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით ხორციელდება. მისი თქმით, გასულ წლებში კორპორატიული ბონდების ბაზარი გაორმაგდა, რაც ასევე განაპირობა მთავრობის მიერ შესაბამისი კუთხით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა.
„საქართველოში განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს. ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ჩვენი ინტერესია უფრო მეტად განვავითაროთ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთერთი პრიორიტეტი,“ – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საინვესტიციო ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებულ სამეფოში გიორგი საგანელიძე, რომელმაც ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს დიპლომატიური მისიის როლზე ისაუბრა.
