თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი 2020-იანების მთავარი ტექნოლოგიაა, რომელიც, სავარაუდოდ, კაცობრიობის მომდევნო ასწლეულების განმსაზღვრელი იქნება. ამ ტექნოლოგიის გავლენას ისიც უსვამს ხაზს, რომ დღეს, ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე დატოვა ნიშური სამეცნიერო წრეები და ადამიანებისა თუ კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში გადაინაცვლა, ხოლო ამ ტექნოლოგიის ბუნებიდან გამომდინარე, მომდევნო წლებში, მისი ექსპონენტურად განვითარება არის მოსალოდნელი.
მაშ, როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ქართული კომპანიები? ეს ის თემაა, რომლითაც BMG მუდმივად ინტერესდება. როგორც ქართული ფინტექ-სტარტაპის, Kernel-ის გენერალური დირექტორი, კოლინ დონოჰიუ ჩვენთან საუბრისას აცხადებს, Kernel-ში ისეთ ნეირონულ ქსელს იყენებენ, რომელსაც ჩვიდმეტი მონაცემთა მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფის ჩანაცვლება შეუძლია.
“გაგვიმართლა, რადგან ჩემმა მეგობარმა ნახევრად ავტომატური ხელოვნური ინტელექტის სისტემა შექმნა, რომელსაც შეუძლია იგივე, რაც ჩვიდმეტი მონაცემთა მეცნიერისგან შემდგარ ჯგუფს. მონაცემთა დამუშავება 27 სხვადასხვა ალგორითმის გამოყენებითაა შესაძლებელი, თანაც ჩანს, თუ რომელ მათგანს აქვს ყველაზე მაღალი საპროგნოზო ალბათობა, ანუ შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. ამასთან, შეგიძლიათ დიდ მონაცემთა ბაზებს შეხედოთ და კონკრეტული შედეგი განჭვრიტოთ. ისეთი რაღაცების აღმოჩენაც შეიძლება, რაზედაც ვერ იფიქრებდით, რომ მათ შორის კორელაცია იყო. გამოდის, რომ თავი ისევ ლაბორატორიაში ამოვყავით, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეხება გვაქვს მონაცემებთან, რაც, თავის წილ, შედეგს განაპირობებს. ამ ალგორითმის კონკრეტული ნაწილები დაპატენტებულია, ასე რომ ეს საინტერესო პროდუქტია”, – განაცხადა კოლინ დონოჰიუმ BMG Talks-ში.