სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს მკაფიოდ გაწერილი და კარგად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ბაზა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ მიმართულებით დადებითად შეფასდა.
მისივე განმარტებით მნიშვნელოვანი იყო “დაეშის” ამიერკავკასიის ლიდერის დაკავება, რომლის შედეგადაც საქართველომ შეძლო საფრთხე აერიდებინა არა მხოლოდ ამიერკავკასიისთვის, არამედ სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვისაც.
“გასული წლების განმავლობაში, 2022 წელსაც საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი პარტნიორის მხრიდან. აღნიშნული, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ გაწერილი სახელმწიფო პოლიტიკა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ გაწერილი და კარგად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ბაზა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ისეთ ტერორისტულ დანაშაულებს გაუმკლავდეს, როგორიცაა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსება და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს ანგარიშშიც არის შავით თეთრზე დაწერილი, რომ საქართველოს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, და აქ არ იგულისხმება მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აქ არის საუბარი პროკურატურაზე, შსს-ზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე, აქვთ უნარი და შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდნენ ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებს და ეს სახელმწიფო უწყებებს არაერთხელ დაუდასტურებიათ.
მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სახელმწიფო უწყებებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით შეძლო ძალიან სერიოზული ტერორისტული ჯგუფის გამოვლენა, რომელიც მათი რეგიონული ლიდერების, “დაეშის” ამიერკავკასიის ლიდერის დაკავება, რაც, შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად – მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიება იყოს.
სწორედ ამ ღონისძიებით, საქართველომ შეძლო, მიეცა შესაძლებლობა ცალკეული სახელმწიფოებისთვის – ევროპის სახელმწიფოებისთვის, ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოებისთვის, რომ თავიდან აერიდებინათ ძალიან მნიშვნელოვანი ტერორისტული საფრთხეები, მათ შორის, ცალკეული ტერორისტული თავდასხმებიც. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება ის, რომ საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მიჩნეულია როგორც ძლიერ პარტნიორად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით,”- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.