„გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში შეგვეძლება აზერბაიჯანიდან ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოვიტანოთ“ – ვახტანგ იობაშვილი

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში შეგვეძლება აზერბაიჯანიდან ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოვიტანოთ“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი იმპორტიორებისთვის ბევრად მოსახერხებელი და სარფიანი იქნება ამ ტიპის საწვავის აზერბაიჯანიდან შემოტანა, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან ან დან.
„შევარდნაძის ავად სახსენებელ დროს ჩვენ არ გვყავდა სხვა მომწოდებელი, გარდა აზერბაიჯანისა. აზერბაიჯანი გვაძლევდა ყველა სახის ნავთობპროდუქტს. ამ ფონზე მე მაქვს კითხვა, როდის დაგვაღალატა აზერბაიჯანმა, რომ დავიწყეთ ამ პროდუქტების რუსეთიდან შემოტანა?
ბოლო წლებში ჩვენ მივიღეთ ევრო 5-ის სტანდარტი, რაც იმას, ნიშნავს, რომ უფრო დაბალი სტანდარტის საწვავი ქვეყანაში ვერ შემოვა. ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს აზერბაიჯანი არ აწარმოებდა. აზერბაიჯანმა თავისი ქარხნების გადაიარაღება დაამთავრა პირველ რიგში დიზელის საწვავზე და შემოგვაქვს იქიდან დიზელი.
დღეს კი გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში შეგვეძლება აზერბაიჯანიდან ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოვიტანოთ. არსებობს კითხვა, თუ რა ოდენობით შეძლებს აზერბაიჯანი ამ ტიპის საწვავის მოწოდებას. რამდენიც დაგვჭირდება, იმდენს შემოგვთავაზებს? აზერბაიჯანზე უკეთესი მეგობარი ქვეყანა საქართველოს რეგიონში არ ჰყავს. ჯერ ერთი, იქიდან გამოგზავნილი საწვავი ერთ დღე-ღამეში უკვე შემოდის ქვეყანაში. ამაზე კარგი საშუალება რა უნდა იყოს.
იმედი გვაქვს, აზერბაიჯანელი ძმები შემოგვთავაზებენ იმ ფასს, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია საწვავი შემოვიტანოთ იქიდან, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან ან რუსეთიდან. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არის კომპანია „სოკარი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ამ სექტორში“, – განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.