რაგბი ჩვენი თამაშია – ეს ფრაზა უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ისმის და ამის გაგონებისას ყოველთვის სიამაყის გრძნობა გვეუფლება. როდესაც იაზრებ, რომ შენი ქვეყანა ძლიერი იმ პოპულარულ სპორტის სახეობაშია, რომელიც ხასიათობრივად საკუთარი ქვეყნის გენეტიკასთან ყველაზე ახლოსაა და თან, როცა ამას არაერთი თასი მოწმობს, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მაგრამ ბოლო პერიოდში „ბორჯღალოსნებს“ თამაშის ხარისხის კუთხით ჩავარდნა აქვთ. ეს უკვე არაერთხელ გაჟღერდა და დავაპირე, რომ ამ თემაზე ჩემი აზრი ვრცლად შემოგთავაზოთ.
ზოგადად, რაგბი ძალიან კომპლექსური სპორტია. იმდენად კომპლექსური, რომ ქართველ ცნობილ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს ასეთი შინაარსის ფრაზა აქვს ნათქვამი: „როდესაც ბოჭვა განხორციელდება, 7 სხვადასხვა წესის გაკონტროლებაა საჭირო და თუ რაქი 3 წამს გასტანს, ოცდაერთი სხვადასხვა წესის დაცვა უნდა გააკონტროლო.“ დასტურად მის სხვა სიტყვებსაც მოვიყვან: „რაგბი იმდენად რთული სპორტია, დეტალებში რომ ჩაიხედო, შეგეშინდება.“
აქ ყველა დეტალსა თუ კომპონენტს მნიშვნელობა აქვს და თუ კომპონენტებში გუნდი მოწოდების სიმაღლეზე არაა, ეს გუნდის თამაშს, ხასიათსა და შეიძლება ითქვას, მონდომებასაც კი ეტყობა. ამასთანავე, კარგი გაწვრთნაც საჭიროა, რადგან გუნდი მინიმუმ ფსიქოლოგიურად და შემდეგ უკვე – სისტემურად დალაგდეს. არ გაიგოთ ისე, თითქოს რიჩარდ ქოქრილს დაუფიქრებლად ვაკრიტიკებ, მაგრამ დროის საკითხია და ვიმედოვნებ, რომ მოთამაშეებსა და მას შორის ურთიერთკავშირი გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან ბოლო წუთებზე მინდორზეც კი ჩამოვიდა და მორაგბეებს ახლო მანძილიდან მითითებებს აძლევდა.
სანამ თამაშის პერიპეტიებზე ყურადღებას გავამახვილებდე, ერთ დიდ დანაკლისზე მინდა ვისაუბრო და ესაა მერაბ შარიქაძის არყოფნა. ის, პირადად, ჩემთვის, იყო კაპიტნისა და ნამდვილი მორაგბის ეტალონი. უშიშარი, პროფესიონალი, მოტივატორი… არ მახსენდება, კონტაქტისას მოედანზე მას ორი მეტრი მაინც რომ არ მოეგოს. ამ საქმის დეტალები წესიერად ბევრმა არ იცის, მათ შორის, არც მე, თუმცა, ვიმედოვნებ რომ დაგვიბრუნდება და თან – ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო!
ახლა კი ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშების ერთგვარი ანალიზი სათამაშო კუთხით განვიხილოთ და ცხადია, პრობლემებით ვიწყებთ: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დერეფანი და შერკინებაა. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენი შერკინება ორჯერ დავთმეთ, ეს კი იმ ნაკრებისთვის ნამდვილად კატასტროფაა, რომელსაც არც ისე შორეულ წარსულში უძლიერესი, მსოფლიოში გამორჩეული შერკინება ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ რაც ის ძველი შერკინების ხალხი წავიდა (განსაკუთრებით, მამუკა გორგოძე და გიორგი ნემსაძე), დერეფანშიც ჩვენი ხარისხი ისე დაეცა, როგორც ციცაბო დაღმართზე დაგორებული ქვა.
ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 2016 წელს საქართველომ იაპონიას უმასპინძლა და მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში აუტი გვქონდა. ბურთი ნემსაძემ ჩამოხსნა, ოღონდ, იაპონელები მოლში არ შემოვიდნენ. თუ ნემსაძე იმ ბურთს მოლში შეიტანდა და მოლიც წამოვიდოდა, ბლოკის გამო დავჯარიმდებოდით. ასე რომ, ნემსაძემ ბურთი დაიტოვა, მას დანარჩენი მორკინალებიც მიუხვდნენ და ჩვენი მეორეხაზელი მოლთან ერთად უკუსვლით ჩათვლის მოედნისკენ წავიდა. იაპონელები იძულებულნი გახდნენ, მოლში შემოსულიყვნენ, მაგრამ ლელოსგან თავი ვეღარ დაიცვეს და ვიტო კოლელიშვილმა ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ისეთ “ჩახლართულ სპორტშიც” კი, როგორიც რაგბია, გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევა როგორც ძალის, ისე უნარების ხარჯზე შესაძლებელია და თუ დერეფანში თამაშს საბოლოოდ გამოვასწორებთ, ეს ბევრად წინ წაგვწევს და ამასთანავე, ზევით ნათქვამ სიტყვებსაც უფრო მეტი ადამიანი ირწმუნებს.
ჰაერში თამაშიც გამოსასწორებელია. ჩვენ მაღლა დაკიდულ ბურთებზე უშიშრად მებრძოლი დავით ნინიაშვილი გვყავს და ამ კომპონენტში აკა ტაბუცაძეც არანაკლებია, თუმცა, ამ ტესტებზე ხსენებულ კომპონენტში დიდად ვერცერთმა ივარგა. უკეთესი იქნება, მეორე სართულზე თამაში სხვებმაც დაამუშავონ. ასევე, დიდი პრობლემაა მიყოლა. ამ ტესტებზე არაერთხელ შევამჩნიე, რომ როდესაც ქართველი მორაგბე რამდენიმე მეტოქის პირისპირ, ანდა, ცარიელ სივრცეში მიდიოდა, მიმყოლი მორაგბეები მასთან მისვლას და ე.წ. „გადაყრას“ აგვიანებდნენ, რის გამოც ან იმ მორაგბეს შეტევითი ფანტაზია უქრებოდა, ან მეტოქე ბურთს უპრობლემოდ გვართმევდა… მიყოლა რაგბიში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შეხედეთ სამხრეთ აფრიკას – ისინი ამაში უბადლოები არიან! მსოფლიო ჩემპიონებს თუ ვერ შევედრებით, ვიტყვი, რომ ტიერ 1-ის არცერთ ნაკრებს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.
მიყოლა კარგია, მაგრამ ზაფხულის ტესტებზე ტექნიკურმა წუნმაც თავი იჩინა: ბურთის უამრავჯერ წინ გავარდნამ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ბავშვურმა შეცდომებმა, რამაც როგორც დაცვით, ასევე შეტევით ასპექტში ბევრი დაგვაკარგვინა. ბურთის ტექნიკურ დამუშავებაზეც ბიჭებს ბევრი სამეცადინო აქვთ და იმის პოტენციალიც იგრძნობა, რომ ეს შეუძლიათ. ნინიაშვილი, მატკავა, კვესელაძე, ტაბუცაძე – ისინი ბურთს მშვენივრად გრძნობენ, ზურგს ტექნიკაც უმაგრებთ და მეტი ვარჯიში მეტ შედეგს მოიტანს, თუმცა, ნახსენები ბურთის კონტროლი, ჩემი აზრით, მორკინალებმაც უნდა დახვეწონ…
გავიხსენოთ 2017 წელს არგენტინასთან „ბორჯღალოსნების“ დადებული ლელო. ასეთ ლამაზ ლელოებს, რომლის დადების პროცესშიც ბევრი მოთამაშეა ჩართული და მიყოლა, კონტაქტი და ბურთის კონტროლი იდეალურად დამუშავებულია, ჩვენ ათასში ერთხელ ვდებთ, სამხრეთაფრიკელები კი მატჩიდან მატჩამდე მინიმუმ სამ ასეთ ლელოს ისე გვთავაზობენ, რომ იმ გათამაშებებში მორკინალებზეც თავისი წილი მოდის… ასე რომ, ჩვენ ამ საკითხში, ისევე, როგორც სხვებში, განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს, ოღონდ, სამუშაოც ასეთივე დიდი უნდა იყოს და მჯერა, ასეც იქნება!
ცუდია ის, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არც ამჯერად გვყავდა: ბექა გორგაძესა და გელა აფრასიძეს ტრავმები ჰქონდათ. ბექა გიგაშვილს ძირითადში ვისურვებდი, ის ძალიან კარგი პირველხაზელია და ეს ისედაც ვიცით. რაც შეეხება თოდუას, რომელზეც ბევრი იწერება, დღეს, მაგალითად, მეორე ლელო მისი ნელი მოქმედების შედეგად გავუშვით, „ჩიტასთან“ დავინახეთ, რომ შალვა აფციაურის სახით ძალიან კარგი გარემარბი გვყავს და მისი თამაში უფრო მნიშვნელოვან დაპირისპირებებშიც გამოსადეგი იქნება, მაგრამ ასაკის გამო მხოლოდ თოდუაზე ჯოხის გადატეხვა სწორად არ მიმაჩნია… ნაკრებში სხვა ყურადსაღები პრობლემებიც გამოჩნდა, ოღონდ, იმასაც აღვნიშნავ, რომ რაგბი ევროპის ტრიუმფით განებივრებული გულშემატკივრების მხრიდან ორივე ფრთაზე სწრაფი, ახალგაზრდა და ენერგიული გარემარბის ყოლის მოთხოვნა უსაფუძვლო სულაც არაა.
მიმოხილვის ბოლოს კი ვიტყვი, რომ რეგრესი კი არ გვაქვს, ჩვენი რაგბი ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ და ამის პროცესში ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენს რაგბის ვიპოვით და შეცდომებს დიდი შრომისა და მონდომების ხარჯზე გამოვასწორებთ, მაშინ ჩვენთვის სასურველ მაღალ დონეს აუცილებლად მივაღწევთ. შეიძლება სამხრეთ აფრიკას ვერ მოვუგოთ, მაგრამ კარგად ვითამაშოთ. გასულ წელს ამ დროს ავსტრალიას შევხვდით და მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, 4 ლელო დავუდეთ, კარგად ვითამაშეთ და აკა ტაბუცაძემ ის 100-მეტრიანი ლელო სწორედ „კენგურუებთან“ შემოგვთავაზა. ასეთი თამაშების გამართვა ნამდვილად შეგვიძლია, ერთ დღესაც კი მსგავსი გამოცდილება დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს!
გულშემატკივარს კი ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენს მორაგბეებს ყველგან მხურვალედ ვუგულშემატკივროთ და ამასთანავე, ჯანსაღ კრიტიკასაც არ მოვერიდოთ.
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე – საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით – საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მძიმე არტილერია ბრუნდება! – “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
“ბორჯღალოსნები” | მომავალი მეტოქე – “ჩიტასი”
“ბორჯღალოსნები” | მომავალი მეტოქე – მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
“ბორჯღალოსნები” | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით “ჩიტასთან”
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? – “ჩიტასის” შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში – “ბორჯღალოსნები” “ჩიტასთან” დამარცხდნენ
