მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში დაღუპვას ეხმაურება და წერს, რომ ეს ტრაგედია “უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოლა არა მხოლოდ მისი სიცოცხლისთვის რისკის, არამედ სახელმწიფოსთვის კატასტროფის საშიშროების შექმნაა”.
ამ კონტექსტში ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ “რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სალომე ზურაბიშვილი პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის”.
“ნავალნის ტრაგედია მაინც უნდა გვკარნახობდეს იმას, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა არა მარტო მისი სიცოცხლისთვის რისკის შექმნაა, არამედ და კიდევ უფრო მეტად და მნიშვნელოვნად, საკუთარი სახელმწიფოსთვის უდიდესი და ჩამოუწმენდავი კატასტროფის საშიშროების შექმნა.
სალომე ზურაბიშვილი რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სააკაშვილის პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი მისთვისაც, სააკაშვილისთვისაც და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის”, – წერს ნიკა გვარამია.