კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას მოლაპარაკებების სანაცვლოდ პოლიტიკიდან ირაკლი კობახიძისა და დღევანდელი მთავრობის გაქრობა შესთავაზა.
გვარამიას თანახმად, ეს სიგნალი საზღვარგარეთ მათ წარმომადგენელს ივანიშვილის წარმომადგენელმა გადასცა, პასუხად კი უარი მიიღო.
“ვერავითარი 25 ნოემბერი, ვერავითარი ახალი მთავრობა და ვერაფერი მსგავსი ქართულ ოცნებას ვერ გადაარჩენს. თუ არა და ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, არამხოლოდ ჩვენი პარტია, და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან ქართულ ოცნებასთან”, – თქვა გვარამიამ TV პირველის ეთერში.
გვარამიას განცხადებით, მოლაპარაკებების ერთადერთი საგანი ახალი არჩევნები იქნება.
“სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან და, ასევე, ის მთავრობა, რომელიც დღეს არის. ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა, მომაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის გარეთ. პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა – არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, ვის რას სთავაზობს ივანიშვილი, ერთადერთი საკითხია მოლაპარაკებების განხილვის ღირსი – ახალი არჩევნები.
ქვეყნის გარეთ ჩვენ გვყავს წარმომადგენლები და, ასევე, მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის გაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ იფიგურირებდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში, ოღონდ ოპოზიცია დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაც ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება”, – ამბობს გვარამია.