გვარამია: ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს არხს გამოსავალი აპოვნინეთ

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი არხის ყოფილი დამფუძნებელი ტელეკომპანია მთავარ არხში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის მოუწოდებს დამფუძნებლებსა და საზოგადოებას, რომ არხს გამოსავლის პოვნაში დაეხმარონ.
ასევე, გვარამიას ცნობით, მთავარი არხის დირექტორად გიორგი გაბუნიას დანიშვნაზე, ზაზა ოქუაშვილმა უარი განაცხადა.
“მინდა მოგიყვეთ მთავარ არხში მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორედ კი, ჩემს ყოფილ პარტნიორზე და მის ერთ ერთ დამფუძნებელზე – ზაზა ოქუაშვილზე.
ყველაფერი დაიწყო ჩემი პოლიტიკაში წასვლით. დირექტორობიდან უნდა გადავმდგარიყავი, რომ პარტია ოფიციალურად დამერეგისტრირებინა და ახალ დირექტორად კი ის დანიშნულიყო, ვისაც კოლექტივი უჭერდა მხარს: გიორგი გაბუნია – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, გამორჩეული ინტელექტუალი და კაცი, რომელმაც ჩემი ციხეში ყოფნის დროს შეუცდომლად იარა, როგორც მენეჯერმა (არადა ამის გამოცდილება აქამდე არ ქონია).
უცებ და გაურკვევლად (იმ ეტაპისთვის), ოქუაშვილმა უარი განაცხადა ჩემს გადადგომაზე (პარტნიორთა კრების თანხმობა იყო საჭირო) და გიორგის დანიშვნაზე. „ჭიდაობა“ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ბოლოს, მიზნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეთანხმება შედგა: მეც ვნიშნავდი „ჩემს“ დირექტორს (რაც კოლექტივის არჩევანს მივანდე), ოქუაშვილიც და მესამე მსხვილი დამფუძნებელიც. დაინიშნა გიორგი გაბუნია, მანუჩარ ახალაია და ვინმე გოგი. მთავარი ნაღმი კი ის იყო, სამივეს ხელმოწერას ითხოვდნენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და ასეც ჩაიწერა წესდებაში. გოგის ხელფასის გარდა არხი აიძულეს თვეში 15 000 ლარი ეხადა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძისთვის, რომელიც იმ დროს დეპუტატი იყო. შეუთავსებლობის გამო რომ უარი მიიღეს, იჯარის გაზრდა მოითხოვეს ერთ პატარა შენობაზე (აბა დანარჩენი მათი აღარაა და ამაზე მოგვიანებით) და ამ გზით ფაქტობრივად ხელფასი დაენიშნა ჩხეიძეს.
გაბუნია და ახალაია წელებზე ფეხებს იდგამდნენ და არხს აფუნქციონირებდნენ უზარმაზარი პრობლემების მიუხედავად. გოგი, ცხადია, არაფერს აკეთებდა – კაბინეტი და ხელფასი, – სულ ეს იყო მისი ინტერესი”, – წერს გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმით, ნატო ჩხეიძემ კოალიცია ცვლილებების პარტიაში ჩასმა მოითხოვა. მისივე ცნობით, ეს ის ადამიანია, რომელმაც გვარამიას ციხეში ყოფნისას ჩხეიძემ და მისმა “ამფსონებმა” ქართულ ოცნებას იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინა.
“მოახლოვდა . ერთ დღესაც პარტიის ოფისში გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: “ჩვენ სამი კაცი გვეკუთვნის სიაში – მე მეხუთე ნომერი (ნუ რაკიღა 4 ლიდერი ხართ), ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე – მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში”. კი არ გავბრაზდი, ან მეწყინა, ან რამე სხვა – ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან. არა, ის არ გამკვირვებია, რომ სიაში ყოფნა ენდომებოდა, მაგრამ მთლად 3 ადამიანი? და თან ამ ადგილებზე? ისეთივე პასუხი მიიღო, რაც ერთის თხოვნის შემთხვევაში იქნებოდა – გამორიცხულია. ან ვინ ან საიდან გადაწყვიტეთ, რომ რაიმე გეკუთვნით? როგორ, ტვ ხომ ჩვენია და მაგიტომო. ტვ თქვენი არაა, ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, და ამას გარდა, ტვ-ს მეწილეები კოალიციასთან კავშირში არ არიან და არაფერი ეკუთვნით საერთოდ, – იყო ჩემი პასუხი.
ამის მერე დაიწყო უარების სერია – გოგი ყველაფერს აპრობლემებდა, სამაგიეროდ ნატო ჩხეიძის „იჯარას“ და მის ხელფასს ერთი დღე მაინც გადაცდენოდა, გოგიც გამოჩნდებოდა ხოლმე. არხზე დაიწყო გოგის „რევიზიები“. მიიღო ყველა დოკუმენტი, რაც მოითხოვა ყველას ახსნა – განმარტება, ვისიც მოითხოვა. ყველა წლის აუდიტის დასკვნა. მიადგა გაყიდვების სახლს, რომელიც დაქირავებული ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც რეკლამას ყიდის (ყველა დიდი ტვ ამგვარად მუშაობს).