ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის განცხადებით, ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები გამოსწორებადია, ამისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობის კეთილი ნება, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდეს.
მისივე შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრები „ფუჭი დროის კარგვა აღმოჩნდა, რადგან მინისტრი ერთეულ ადამიანებს დაეხმარა, მხოლოდ ერთჯერადად და არც ერთი არსებული პრობლემა სისტემურად არ გამოასწორა“.
„მთავარი და უპირველესი პრობლემაა, წამლების არ არსებობა. ადამიანების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტია ისევ ქვეყანაში, „გემციტაბინი“, „კარბოპლატინი“, „აქვიტაბინი“, „იქსგევა“ და სხვა დასახელების მედიკამენტები უკვე რამდენიმე კვირაა დეფიციტშია. ასევე უამრავი მედიკამენტი რომელიც ასევე აუცილებელია პაციენტებისთვის და ძვირადღირებულია, არ შედის დაფინანსების პროგრამაში.
პაციენტების უმრავლესობის ერთადერთი შემოსავალი არის მიზერული პენსია, რომლითაც ვერც ერთი პაციენტი ვერ შეძლებს სრულფასოვანი მკურნალობის მიღებას. საქართველოში ვერც ერთი ონკოლოგიური პაციენტი სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობას სახელმწიფოსგან ვერ იღებს. დაფინანსებაში წინასწარი და გეგმური კვლევები, გენეტიკურ-მოლეკულური ანალიზი, მკურნალობით გამოწვეული გვერდითი ეფექტების მართვა არ შედის.
პრობლემაა, გაუმართავი სისტემა, რომელიც არ არის ელექტრონული, პრობლემაა ჯანდაცვასთან დაკავშირება და პრობლემაა ასევე, მათთან კომუნიკაცია. ამ ფაქტების საფუძველზე აშკარაა, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია და არ ფუნქციონირებს საქართველოში.
სწორედ, ამიტომ გუშინ, განცხადებით და პაციენტების ფორმა 100-ებით მივმართე პრემიერს, რადგან ის არის პასუხისმგებელი პირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ვითხოვთ ღია შეხვედრას პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან. ვითხოვთ პერსონალიზებული მედიცინის დანერგვას და ადამიანების ჯანმრთელობის უფლების დაცვას სახელმწიფოსგან“, – განაცხადა აფხაიძემ.