„გეფა“ “ჰუმანას” წარმომადგენლობას ყიდულობს – კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

სს „გეფა“ ბავშვთა კვების ბაზარზე გაძლიერებას გეგმავს და ამ მიზნით, „ჰუმანას” ბრენდის ადგილობრივ წარმომადგენლობას ყიდულობს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ბავშვთა კვების ბაზარზე, სს „გეფას“ მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ (ჰუმანა) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
სააგენტოს შეფასებით, განსახორციელებელი კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ მოახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
“დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შეფასების მიზნით, სააგენტომ 4 შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონე შეისწავლა. შეფასების მიხედვით: დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ბაზარზე (0-დან 12 თვემდე) 2024 წელს მოქმედებდა 11 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 1 837 641 ცალს (28 972 931 ლარი); დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ბაზარზე (1-დან 3 წლამდე) მოქმედებდა 8 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 407 870 ცალს (5 906 678 ლარი); რძიანი და ურძეო ფაფების ბაზარზე 2024 წელს მოქმედებდა 11 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 2 902 422 ცალს (12 206 886 ლარი); საბავშვო კვების მზა პროდუქტების (პიურე, იოგურტი, პუდინგი და სხვა) ბაზარზე ოპერირებდა 12 ეკონომიკური აგენტი, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 3 347 256 ცალი (7 023 803 ლარი).