გერმანული ტურისტული გიგანტის გაკოტრებამ თურქული სასტუმროები დააზარალა

გერმანული ტურისტული გიგანტის გაკოტრებამ თურქული სასტუმროები დააზარალა
თურქული სასტუმროები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ქვეყანაში გერმანელი ტურისტების ვიზიტებთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდნენ შოკში არიან უმსხვილესი ტუროპერატორის გაკოტრების შემდეგ. საუბარია ევროპაში სიდიდით მესამე ტუროპერატორისა და გერმანელი ტურისტების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლის გერმანული FTI-ის გაკოტრებაზე.
ტუროპერატორს, როგორც ჩანს, სასტუმროების ასტრონომიული თანხა ემართა, რის შედეგადაც ყველა ვალში აღმოჩნდა და გაურკვევლობაში არიან, როგორ უნდა იმუშაონ ზაფხულში.
როგორც თურქულ პრესაში ანტალიის საქალაქო საბჭოს ტურისტული ჯგუფის პრეზიდენტმა და NBK Touristik-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რეჯეპ იავუზმა განაცხადა, FTI-ის გაკოტრებით ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყანა დაზარალდება, მათ შორის ესპანეთი და საბერძნეთი. მიუხედავად იმისა, რომ ტუროპერატორის პრობლემებთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები, აპრილის თვიდან ვრცელდებოდა, გაკოტრების გამოცხადება მაინც სიურპრიზი იყო თურქებისთვის. ამასთან იავუზმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ტუროპერატორმა ევროპიდან თურქეთში ყველაზე მეტი, 1 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩაიყვანა.
„სეზონის წინ მომხდარი გაკოტრების ინციდენტი შეამცირებს ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობას. ხმელთაშუა ზღვასა და ანტალიაში ეს პროცესი თურქ ოტელიერებზეც სერიოზულად აისახება. როგორ გააფორმეს შეთანხმება FTI-თან? ავანსი მიიღეს? ამ კითხვებზე პასუხები მნიშვნელოვანია“, – ამბობს თურქი ექსპერტი.
AKTOB-ის, თურქი სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტმა კაან კავალოღლუმ ასევე ისაუბრა დაზღვევისა და FTI ვალების საკითხებზე და რომ ეს თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან აწუხებს. მისივე თქმით, FTI-ს გაკოტრების შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, ანტალიის სასტუმროების მფლობელებმა დღეს რიგგარეშე შეხვედრა გამართეს, რომლის მთავარი საკითხი იყო სადაზღვევო კომპანიების მიერ დებიტორული დავალიანებების ოდენობის დაფარვა. დიდი ალბათობით, დაზღვევა გადაიხდის ვალის მხოლოდ ნაწილს, რის გამოც სასტუმროებს შეექმნებათ ლიკვიდობის დეფიციტი და ფულის პრობლემა.
თურქ ექსპერტებს ასევე აქვთ კითხვა, სურს თუ არა გერმანიის მთავრობას FTI-ს გადარჩენა. „სავარაუდოდ, FTI-ში რწმუნებული დაინიშნება. FTI-ს სერიოზული ლიკვიდობისა და ვალის პრობლემები აქვს. შეძლებს თუ არა გერმანიის მთავრობა ამის იგნორირებას და FTI-ს გადარჩენას? ეს საკამათო საკითხია“, – აცხადებს NBK Touristik-ის აღმასრულებელი დირექტორი.