გერმანიის 11 აეროპორტში გაფიცვაა

გერმანიის აეროპორტებში თანამშრომელთა ნაწილის გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, დღეს, 1 თებერვალს სულ მცირე 1100 რეისი გაუქმდება. აეროპორტების გაერთიანების, ADV-ს ცნობით, ერთდღიანი გაფიცვა 200 000-მდე მგზავრს დააზარალებს.
პროფკავშირ Ver.di-ს მიერ ორგანიზებულ გაფიცვაში მონაწილეობს 25 000 თანამშრომელი, რომლებიც აეროპორტების უსაფრთხოებას და მგზავრების და ბარგის შემოწმებას უზრუნველყოფენ.
გერმანული მაუწყებლის, DW-ს ცნობით, პროფკავშირი საჰაერო უსაფრთხოების და დაცვის სამსახურების ფედერალური გაერთიანებისგან მოითხოვს თანამშრომლებისთვის ხელფასის საათში 2,8 ევროთი მომატებას და დანამატების და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გაზრდას. ფედერალურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ხარჯებს 250 მილიონი ევროთი გაუზრდის. მხარეებს შორის ჯერჯერობით უშედეგო მოლაპარაკება 6 თებერვალს უნდა გაგრძელდეს.
ერთდღიანმა გაფიცვამ მოიცვა გერმანიის 11 აეროპორტი, მათ შორის მაინის ფრანკფურტის, ბერლინის, ჰამბურგის, დიუსელდორფის, კიოლნის და შტუტგარტის. გაფიცვა არ შეეხო მიუნხენის და ნიურნბერგის აეროპორტებს, თუმცა, რეისები ვერ შესრულდება იმ ქალაქებში, რომელთა აეროპორტებშიც გაფიცვაა.
ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გერმანიის აეროპორტების თანამშრომლები არაერთხელ გაიფიცნენ 2023 წელსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს