გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის “ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა” უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიზნების არასწორად აღქმას.
ექსმინისტრი, ზიგმარ გაბრიელი – რომელიც ეკონომიკის მინისტრიც იყო 2013-2018 წლებში, ანგელა მერკელის კანცლერობის დროს – 7 ნოემბერს ჩვენებას აძლევდა საგამოძიებო კომისიას, რომელიც სწავლობს რუსეთის შესაძლო გავლენებს “ნორდ სტიმის” გაზსადენებთან კავშირის მქონე გერმანულ ფონდზე – იუწყება სააგენტო dpa.
გაბრიელმა უარყო ახლო და რეგულარული თანამშრომლობა ფედერალურ ხელისუფლებასა და ამ ფონდს შორის – რომელიც მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზეა განთავსებული – თუმცა რუსეთთან ურთიერთობაში შეცდომების დაშვება აღიარა.
პუტინის და მისი მიზნების არასწორი აღქმა “არის გერმანიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, რაშიც მონაწილეობა მიმიღია” – თქვა გაბრიელმა და დასძინა, რომ ამის გააზრება მწარე გამოცდილებაა.
საგამოძიებო კომისიას დაავალეს დაადგინოს ახდენდა თუ არა რუსეთი გავლენას ამ ფონდის შექმნაზე – ფონდი 2021 წელს გაზსადენ “ნორდ სტრიმ 2”-ის დასრულებაში მონაწილეობდა, მიუხედავად აშშ-ის მუქარისა, რომ სანქციებს დაუწესებდა პროცესში ჩართულ კომპანიებს.
ანგელა მერკელის კანცელარიის ყოფილმა უფროსმა, პეტერ ალტმაიერმა ასევე უარყო ახლო თანამშრომლობა ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწის მთავრობას შორის, ამ საკითხის გარშემო.
“ნორდ სტრიმის” გაზსადენები შენდებოდა რუსეთის გაზის ბალტიის ზღვით გადასატანად დასავლეთ ევროპაში, გერმანიის გავლით. გაზსადენები ინტენსიურ შესწავლას დაექვემდებარა ჯერ კიდევ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრამდე. პირველმა გაზსადენმა, “ნორდ სტრიმ 1”-მა მუშაობა 2011 წელს დაიწყო, და მეორე პროექტის მშენებლობის გეგმა ხორციელდებოდა მაშინაც კი, როცა რუსეთმა, საერთაშორისო კანონების დარღვევით, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა.
“ნორდ სტრიმ 2” არ ამუშავებულა, რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომის გამო. ამასთან, მას მერე, რაც რუსეთს ომის გამო ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, მოსკოვმა შეწყვიტა “ნორდ სტრიმ 1”-ის გაზით მომარაგება.
მას შემდეგ ორივე გაზსადენი დაზიანდა 2022 წლის სექტემბერში წყალქვეშ მომხდარი აფეთქებების შედეგად. გავრცელდა ვარაუდი, რომ საბოტაჟის უკან უკრაინელთა ჯგუფი იდგა.
21 ნოემბერს კომისიის წინაშე წარდგება ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი. შედეგებს კომისია მომავალ წელს გამოაქვეყნებს.
ფორუმი




