გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში

იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესებს.
„გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქტუალურ სასამართლო პროცესებს, მათ შორის, ავთანდილ კუჭავასა და დავით გოგილაშვილის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მათ სასამართლო პროცესებს გასულ კვირას ჩვენს ევროპელ, ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად დავესწარით. ამასთან განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას, დაცული არის თუ არა სასამართლოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. დაკავებულებს ბრალად ედებათ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა. ბევრი მათგანი პროტესტების დროს პოლიციის გადამეტებული ძალადობის მსხვერპლიც გახდა. იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.