გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი წინასწარ გამოუცხადებელ ვიზიტად უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა ამ ქვეყნისთვის მხარდაჭერის საჩვენებლად.
გერმანიის მთავრობის საიტის თანახმად, ბერბოკი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ანდრი სიბიჰას ხვდება. საუბრის თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.
გერმანია დაეხმარება უკრაინას ასევე ენერგეტიკულ სფეროში ზამთრის წინა პერიოდში განსაკუთრებით რუსეთის არმიის მხრიდან ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატური თავდასხმების ფონზე.
ბერბოკმა განაცხადა, რომ „გერმანია მსოფლიოში სხვა ბევრ პარტნიორთან ერთად მტკიცედ უდგას უკრაინას გვერდში.“ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიევში ჩასვლისას პირობა დადო, რომ „უკრაინას დავეხმარებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა მან მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას“.