სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ცოლმა ანა ჰაკობიანმა სომხეთის მთავრობის შენობაში ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ელკე ბუდენბენდერს უმასპინძლეს.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადებიდან იუწყება, ნიკოლ ფაშინიანი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გაფართოებულ შემადგენლობაში შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო ანა ჰაკობიანსა და ელკე ბუდენბენდერს შორის პირადი საუბარი შედგა.
ნიკოლ ფაშინიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა შტაინმაიერს და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სომხეთისთვის ისტორიულია, რადგან ეს გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ქვეყანაში.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერას სომხეთის მთავრობის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი და გამოხატა მადლიერება შტაინმაიერის პირადი ძალისხმევისთვის ამ მიმართულებით.
როგორც სომხური მედია წერს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პერსპექტიულად შეაფასა თანამშრომლობა ეკონომიკის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
“მან ასევე დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და სომხეთის მთავრობის რეფორმების დღის წესრიგის წარმატებული განხორციელებისადმი. მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების დიდი პოტენციალის გამოყენების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე დიალოგის მნიშვნელობას”.
ამასთან, როგორც არმენპრესი წერს, შეხვედრაზე ასევე განიხილეს „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ შეთანხმების პროექტის შეთანხმების პროცესი.
“სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნეს, რომ შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შტაინმაიერმა დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა სომხეთის მთავრობის მშვიდობის დღის წესრიგისადმი. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტსა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე”.
