გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხზე „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანალენა ბერბოკმა, მ და სტეფან სეჟურნემ გამოცემა Politico-ში ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს.
„ევროპელმა მოკავშირეებმა ნატო-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი საკუთარ თავზე უნდა აიღონ და ევროპის დაცვის მზადყოფნა გამოავლინონ. ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირი ჩვენი უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს და ჩვენ, ევროპელებმა იმ ხარვეზებს უნდა გადავხედოთ, რომლებმაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში თავი იჩინა: შესაძლებლობების ხარვეზები, შეიარაღებული ძალების მზადყოფნა, წარმოების შესაძლებლობები, ლოგისტიკა, სტანდარტიზაცია და თავსებადობა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა მინისტრები.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საერთო უსაფრთხოების დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად, ალიანსის ევროპელმა წევრებმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან: პირველ რიგში, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% უნდა დაიხარჯოს. მეორე, ალიანსის წევრებმა შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის და წარმოების გაზრდისთვის კონტინენტის ინდუსტრიული პოტენციალი სრულად უნდა გამოიყენონ. მესამე, ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად საჭიროა მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტირება.
„აგრესიული ომიდან ორი წლის შემდეგ, პუტინი თავის სტრატეგიას არასწორ გათვლებზე აფუძნებს, რომ მას უკრაინის გამოფიტვა შეუძლია და შეუძლია ჩვენს მხარდაჭერას გაუძლოს. ასევე, იგი ჩვენი ერთიანობის გამოცდას ცდილობს. ამიტომ, ჩვენი პასუხი ძალას, ერთიანობასა და თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისმა აგრესიამ არ გაამართლოს – არც ახლა და არც მომავალში“, – წერენ მინისტრები.