გერმანიის პარლამენტის – ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები მომავალი წლის 23 თებერვალს შეიძლება ჩატარდეს. ამის შესახებ იტყობინება გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ს ცენტრალური სტუდია ბერლინში.
მისი ინფორმაციით, მმართველ კოალიციაში შემავალი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) – და ოპოზიციურ პარტიულ ბლოკში (CDU/CSU -გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი) შემავალი ფრაქციები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმდნენ.
ამ წინადადებას დათანხმდა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) .
მანამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იანვრის შუა რიცხვებში ბუნდესტაგის შესაძლო დაშლასა და მარტის არჩევნებზე ლაპარაკობდა.
ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ, უნდა ჩამოყალიბდეს ახალი მმართველი კოალიცია, ასევე, მინისტრთა კაბინეტი და უნდა იქნას არჩეული ახალი კანცლერი.
დამკვირვებლების აზრით, დიდი ალბათობით, ეს შეიძლება იყოს SPD-სა და CDU/CSU-ს კოალიცია, ხოლო კანცლერი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი გახდება.
სავარაუდოდ, ბუნდესტაგის პრეზიდენტი ორი მსხვილი საპარლამენტო ფრაქციის წინადადებას არ გააპროტესტებს.
არჩევნების ვადების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც ჯერ ოფიციალურად უნდა დაშალოს ბუნდესტაგი. ამისთვის საჭიროა, რომ ოლაფ შოლცმა კანცლერისადმი ნდობის საკითხი დააყენოს ბუნდესტაგში.
მოელიან, რომ ის ვერ მიიღებს დეპუტატების მხარდაჭერას და წააგებს კენჭისყრას ნდობის შესახებ, რითაც გზა გაეხსნება ახალ არჩევნებს.
სავარაუდოდ, შოლცი ნდობის შესახებ კენჭისყრის საკითხს დააყენებს 16 დეკემბერს.
მანამდე, კანცლერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი, რის შემდეგაც, წინა სამთავრობო კოალიცია, ფაქტობრივად, ვადაზე ადრე დაიშალა.
ახალ არჩევნებამდე, აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება უმცირესობის მთავრობის ხელში, რადგან თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ოთხიდან სამმა მინისტრმა დატოვა თანამდებობა, ხოლო ერთმა დატოვა თავისუფალი დემოკრატიული პარტია.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, კოალიციის დაშლისთანავე მოითხოვა ნდობის საკითხის, რაც შეიძლება სწრაფად, დაყენება. მერცი ამის გაკეთებას ჯერ კიდევ ნოემბერში მოითხოვდა. თუმცა ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ ბუნდესტაგში გაიტანს ზოგიერთ კანონპროექტს, რომლებიც უკვე დამტკიცებულია წინა მთავრობის მიერ.
ფორუმი