გერმანიის „მწვანეთა პარტიამ“ ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი კანცლერობის კანდიდატად წარადგინა

გერმანიის „მწვანეთა პარტიამ“ პარტიულ ყრილობაზე ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად წარადგინა.
ჰაბეკიმ პარტიულ ყრილობაზე 768 ხმიდან 741 ხმა, ანუ 96.48% მიიღო.
ჰაბეკის განცხადებით, მან იცის, რომ ბოლო წლებში, კოალიციაში ყოფნისას საზოგადოების ნდობა დაკარგა, მაგრამ სურს, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც „პარტიის კანდიდატმა გერმანიის ხალხისთვის“.
„ჩვენ მივიღებთ გამოწვევად ამ კენჭისყრას“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკიმ.
ცნობისთვის, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო 23 თებერვალს გაიმართება. გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
1tv.ge