გერმანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა – Deutschlandtrend

გერმანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54%) მხარს უჭერს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
როგორც Deutschlandtrend-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე გერმანიის მმართველი კოალიციის, რომელშიც შედიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის, თავისუფალი დემოკრატიული პარტიისა და „კავშირი-90/მწვანეების“ წარმომადგენლები, პოპულარობა ახალ მინიმუმამდე დაეცა.
შოლცის მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 14%, უარყოფითად კი – 85%. გამოკითხულთა მხოლოდ 41% უჭერს მხარს მოქმედი მთავრობის ხელისუფლებაში დარჩენას 2025 წლის სექტემბერში დაგეგმილ ბუნდესტაგის არჩევნებამდე.
გამოკითხვის მიხედვით, ბუნდესტაგის მომდევნო კვირას თუ ჩატარდება, მმართველი კოალიციის არცერთ წევრ პარტიას არ ექნებოდა ხელისუფლებაში დარჩენის შანსი. სოციალ-დემოკრატებს ხმას მისცემდა 16%, „მწვანეებს“ – 11%, ლიბერალებს – ოთხი პროცენტი. ჯამში 31 პროცენტი.
ამავდროულად, ოპოზიციურ ქრისტიანულ პარტიათა ბლოკის მხარდაჭერას გამოხატავს ამომრჩეველთა 34%. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია, თუმცა გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედს სჯერა, რომ „ქრისტიან დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირის ხელმძღვანელობით მთავრობას შეუძლია გერმანიაში არსებული პრობლემების უკეთ გადაჭრა. ამავე გამოკითხვის თანახმად, მემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 17%, „სარა ვაგენკნეხტის კავშირს“ – 6% და ყველა დანარჩენ პოლიტიკური ძალას, მემარცხენე პარტიის ჩათვლით – 12%.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი