გერმანიის მთავრობა ახლად ჩასული უკრაინელებისთვის შეღავათების შეკვეცას გეგმავს

გერმანიის მთავრობა ამ ქვეყანაში ახლად ჩასული უკრაინელი ლტოლვილებისთვის სახელმწიფო შეღავათების შემცირებას გეგმავს, ნათქვამია კანონპროექტში, რომელსაც Reuters-ი 6 აგვისტოს გაეცნო და რომლის შედეგადაც, მიახლოებითი გამოთვლით, თითოეულ ლტოლვილს შესაძლოა, თვიური შემოსავალი 100 ევროთი შეუმცირდეს.

გერმანიაში ჩასული უკრაინელი ლტოლვილები სარგებლობენ „ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივით“, რომელიც მათ საშუალებას აძლევს პირდაპირ
მოითხოვონ სოციალური დახმარება თავშესაფრის მოთხოვნის პროცესის გავლის გარეშე.

კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 აპრილიდან გერმანიაში ჩასული უკრაინელები აღარ მიიღებენ მოქალაქის შემწეობას და, სამაგიეროდ, თავშესაფრის მაძიებელთა შეღავათების შესახებ კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს მიიღებენ, რომლებიც უფრო დაბალია.
სამთავრობო მონაცემებით, გერმანიაში უკრაინიდან დაახლოებით 1.25 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს და 2025 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდში დაახლოებით 21 000 ადამიანი პირველად შევიდა ქვეყანაში რუსეთთან ომთან
დაკავშირებით.
კანონპროექტს წლის ბოლომდე ძალაში შესვლამდე მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის ზედა პალატის დამტკიცება სჭირდება.
გერმანია დიდი ხანია მსჯელობს იმაზე, თუ რა დონის მხარდაჭერა უნდა მიიღონ უკრაინელმა ლტოლვილებმა, რადგან ქვეყანა სოციალური დახმარების ხარჯების დაზოგვას ცდილობს.
3 აგვისტოს, ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, მარკუს ზიოდერმა, გამოთქვა მოწოდება, რომ ყველა უკრაინელ ლტოლვილს – არა მხოლოდ ახლად ჩასულებს – შეუმცირდეს მაღალი დახმარება.
2025 წლის ივლისში გერმანიის შრომის სააგენტოში რეგისტრირებული უკრაინის მოქალაქეების დაახლოებით 64.1% არ იყო დასაქმებული, უმუშევრების, სხვადასხვა კურსებზე მყოფების ან დასაქმებასთან დაკავშირებული დახმარების მიმღებთა ჩათვლით.