გერმანიის მედიამ შეიტყო, კონკრეტულად რაში ედება ბრალი “ჩრდილოეთის ნაკადის” აფეთქებაში ეჭვმიტანილ უკრაინელს

გერმანიის მედიასაშუალებებმა – ARD-მ, Süddeutsche Zeitung-მა და Zeit-მა – წვდომა მოიპოვეს დაპატიმრების ორდერზე, რომელიც გაცემულია უკრაინის მოქალაქე სერჰი კ.-ს სახელზე. უკრაინელი, რომელიც იტალიაში დააკავეს ამ დღეებში, ეჭვმიტანილია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორდერის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში სერჰი კ. ჩავიდა გერმანიის კუნძულ რიუგენზე. მას იალქნიან იახტაზე კოორდინაცია უნდა გაეწია დივერსანტების ჯგუფისთვის, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, შედგებოდა კაპიტნისგან, ოთხი მყვინთავისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტისგან, წერს გერმანული მედია.
პუბლიკაციის თანახმად, სავარაუდო დივერსანტებმა 14-დან 27კგ-მდე წონის ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსეს 70-80 მეტრის სიღრმეზე მდებარე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე. ასაფეთქებელ ნარევად გამოიყენებოდა ჰექსოგენი და ოქტოგენი, თავად ბომბები კი საათის მექანიზმებით იყო აღჭურვილი. აფეთქებების შედეგად მწყრობრიდან გამოვიდა გაზსადენების ოთხიდან სამი ხაზი.
სერჰი კ.-ს დაპატიმრების ორდერში ნახსენებია, რომ მას ბრალად ედება „ანტისახელმწიფოებრივი დივერსია“, „განზრახ აფეთქება ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით“ და „ნაგებობის დანგრევა“. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
იტალიის სასამართლო უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა სერჰი კ.-ს გერმანიაში ექსტრადიცია.
ფორუმი