გერმანიის თავდაცვის მინისტრი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინს მშვიდობა სურს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რეალურად სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებებით მშვიდობის მიღწევა, უკრაინაში წარმოებული ომის დასასრულებლად. მინისტრის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო dpa.
RND მედია ჯგუფისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 21 იანვარს გამოქვეყნდა, პისტორიუსმა თქვა, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიპლომატიურ ძალისხმევას ენერგია შემატა, თუმცა აღნიშნა, რომ მოსკოვის ნაბიჯები სხვა ამბავს წარმოაჩენს.
“ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს, რომ რუსეთს სერიოზულად სურს მშვიდობა” – თქვა პისტორიუსმა.
მხარეებს შორის გასულ შაბათ-კვირას აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებებისას პუტინმა დამბობმა ისეთი ინტენსივობით, “რომლის მსგავსიც თითქმის არ მომხდარა ამ ომის განმავლობაში” – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
პისტორიუსის თქმით, ასეთი დარტყმები სცდება სამხედრო მიზნებს – “ესაა ტერორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობას მიემართება, ზამთარში, როცა ტემპერატურა მინუს 20 გრადუსს აღწევს”.
პისტორიუსმა დასძინა, რომ პუტინს არანაირი ნება არ გამოუვლენია კომპრომისისთვის.
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მილიონობით ადამიანი კვირების განმავლობაში იყო დარჩენილი სიბნელესა და სიცივეში, მას მერე, რაც რუსეთის დარტყმებმა მძიმედ დააზიანა ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურა. მოლაპარაკებების მსვლელობის პარალელურად განახლდა შეტევები დრონებით და რაკეტებით, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა აღდგენის სამუშაოები.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 30 იანვარს განაცხადა, რომ შეასრულებს ტრამპის თხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეზღუდული და დროებითი შეწყვეტის შესახებ, კვირა დღემდე.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდიც აბუ-დაბიში იგეგმება.