გერმანიის ელჩს არავინ ეკითხება, რომელი ფურცელი იხურება და რომელი იშლება. დარწმუნებულები ვართ, რომ ევრობიუროკრატია შეიცვლება და ვერაფერი აღუდგება ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში
გერმანიის ელჩს არავინ ეკითხება, რომელი ფურცელი იხურება და რომელი იშლება, – ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერები დიდი ალბათობით დაადასტურებენ, რომ საქართველოს მიმართულებით გაფართოების ფაილი დახურულია.
მისი თქმით, პეტერ ფიშერის კომპეტენციას ეს საკითხი სცდება.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში დადგება, საქართველო იქნება მზად გაწევრიანებისთვის.
„ინტერვიუ ჰქონდა, რომ მე არ ვერევი საქართველოს შიდა საქმეებშიო და ვენის კონვენცია არ დამირღვევიაო – ან ცინიზმი მონაწილეობს ამ ყველაფერში ან უბრალოდ არაკომპეტენტურია და საერთოდ არ იცნობს ვენის კონვენციას. დაბრუნდა, ორი დღეც ვერ მოითმინა, გავარდა აქციაზე, ფოტო გადაიღო ისევ ისეთ რადიკალ პიროვნებასთან, რომელიც ჩვენი ეკლესიის ლანძღვით არის დაკავებული. ასეთი ფოტოები მას სჩვევია. ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გერმანელ ხალხთან და ეს არის ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების.
ხოლო რა და როგორ გაგრძელდება დრო გვიჩვენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, რაც არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული. იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად დრო არ დავკარგოთ. და როდესაც უკვე ევროკავშირის გაფართოების საკითხი დადგება 2030 წელს ჩვენ ეს ყველაფერი შესრულებული გვქონდეს. როდესაც ევროკავშირში შეიცვლება სიტუაცია და საღი აზრი გაიმარჯვებს, ისევე, როგორც გაიმარჯვა აშშ-ში, გამოღვიძება დაიწყო უკვე ევროპაშიც, ჩეხეთი არის ამის კარგი მაგალითი, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბიუროკრატია იქაც შეიცვლება და წინ ვერაფერი ვერ აღუდგება ჩვეს ინტეგრაციას ევროკავშირში. ჩვენი ვალდებულება, რაც არის და პასუხისმგებლობა მოსახლეობასთან, რომ ჩვენ, 2030 წელს შევხვდეთ ყველაზე მომზადებულები დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.



