გერმანიის ელჩი ელის პასუხს, როგორ მოეპყრობიან FARA-ს ფარგლებში მისი მთავრობის დაფინანსებულ 13 ორგანიზაციას

გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ანტი-კორუფციული ბიუროს უფროსთან შეხვედრის შემდეგ წერს, რომ ელის პასუხს კითხვაზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული FARA-ს იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.
„დამპირდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან საქართველოს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ფარგლებში საქართველოში მოქმედ 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან, საქართველო-გერმანიის ორმხრივი ხელშეკრულებების საგანია და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა გერმანულ-ქართული კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის“, – აცხადებს ელჩი ფიშერი.
„ვფიქრობთ, რომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ [შესაბამისი] ვალდებულებისგან“, – დაწერა პიტერ ფიშერმა 9 ივნისს, რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პლატფორმა X-ზე.
გერმანიის ელჩის თანახმად, რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც:
„გავიხსენე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება „უცხოელი აგენტების“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით. მეგობრულად გავაფრთხილე, რომ არ უნდა ჰქონდეთ ილუზიები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – წერს პიტერ ფიშერი X-ზე.
ის ასევე იხსენებს ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნას, რომლის თანახმადაც, ფიშერის სიტყვებით, „საქართველომ ძალიან შორს გადაუხვია სწორი გზიდან“.
მაისის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აცნობა, რომ „ქართული FARA“ მათ არ ეხება.
ინფორმაცია წერილის მიღების შესახებ რადიო თავისუფლებას მიაწოდა სამმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ, საელჩოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. წერილის გაგზავნას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
31 მაისიდან ამოქმედდა ე.წ. ქართული FARA, რომელსაც ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი მათი საქმიანობის შემზღუდველ კანონად აღიქვამს.
ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, – იმის მიუხედავად, რომ ტექსტურ ვერსიას იმეორებს, – მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.
უფრო ადრე, 20 მაისს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განმარტა, ვის შეეხება ე.წ. ქართული FARA.
„ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს… ერთია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად [აწარმოებდეს] იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც კანონს აქვს განსაზღვრული“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა 2024 წლის 27 ნოემბერს განაცხადა, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ჩიხშია.
2024 წლის 31 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, – რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“, – ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
სანქციები 24 მარტს გაფართოვდა გერმანიის მთავრობის შემდეგი განცხადებით: „თითქმის სამი თვეა, საქართველოს ხალხი დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად, საქართველოს მმართველების აღებული კურსის წინააღმდეგ. მათ კვლავ პასუხობენ დაშინებით, დაპატიმრებითა და ძალადობით“.
მოგვიანებით, 2025 წლის 25 თებერვალს გერმანიის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას.