გერმანიის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას

გერმანიის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, განაგრძობს დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას. ამის შესახებ, როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა 27 ნოემბერს, საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას.
კალის თანახმად, პირველ ეტაპზე რუსეთი შეეცდება განხეთქილების შეტანას ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შერყევას.
კერძოდ, რუსეთი განიხილავს ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნისთვის შექმნას ისეთი „საგანგებო სიტუაციის“, რომელზეც ალიანსის დანარჩენ წევრებს სათანადო რეაქცია არ ექნებათ.
კალმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა შესაძლო ხანმოკლე თავდასხმა ნორვეგიის არქიპელაგ შპიცბერგენზე, სადაც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვს რუსეთსაც.
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანა რუსულენოვანი უმცირესობის დაცვის საბაბით რუსეთის შესაძლო კონფლიქტი ბალტიის ქვეყნებთან.
ბრუნო კალის განცხადებით, თუ მსგავს შემთხვევებში არ ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როგორც თავდაცვით გაერთიანებას კრახი ემუქრება და სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთს 2030 წლისთვის ექნება საკმარისი რესურსები დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის.
რუსეთის და დასავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო.