10 ოქტომბერს გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) საქართველოს შესახებ განხილვა გაიმართება.
დებატების შემდეგ კი რეზოლუციის მიღება იგეგმება სახელწოდებით „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელიც გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი ფრაქციების მიერაა ინიციირებული.
8 ოქტომბერს საქართველოს შესახებ განხილვა და რეზოლუციის მიღება იგეგმება ევროპარლამენტშიც.
გერმანიის სამთავრობო ფრაქციების წარმომადგენლები სექტემბრის დასაწყისში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ. თუმცა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მთავრობის წარმომადგენლებმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან მისი შეხვედრა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არაა. როგორც კობახიძე ამბობს, ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის ერთ-ერთი მიზეზი დეპუტატი მიხაელ როთია, რომელიც დელეგაციაში საერთოდ არაა.
მიხაელ როთი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულადაა განწყობილი, ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა. მიმდინარე წლის მაისში, როდესაც როთი თბილისში იმყოფებოდა, ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც მივიდა.