გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შესახებ რეკომენდაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი Deutschlandfunk-ი ავრცელებს.
სამთავრობო კოალიციის მიერ წარდგენილ აღნიშნულ წინადადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) 382-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 284 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, სამთავრობო კოალიციის საპარლამენტო ფრაქციები (სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები) მხარს უჭერენ უკრაინისთვის “დამატებით საჭირო შორი მანძილის იარაღის სისტემებისა და ამუნიციის” გადაცემას.
ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ დოკუმენტში Taurus-ის რაკეტები ნახსენები არ არის.
გერმანული გამოცემა t-online კი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ჯგუფები დოკუმენტში ნახსენებ “შორი მანძილის რაკეტების” სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციას ახდენენ. ამავე ცნობებით, კერძოდ, “მწვანეებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ რომ სწორედ Taurus-ის რაკეტები იგულისხმება. ამავდროულად, “სოციალ-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის მოადგილე, გაბრიელა ჰაინრიხი ამბობს, რომ დოკუმენტი “აუცილებელი არ არის” Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებდეს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგორ ჩერნევი, რომელიც ბუნდესტაგში კენჭისყრას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ მიღებული რეკომენდაცია სწორედ Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებს.
ცნობისთვის, აქამდე ბუნდესტაგმა ოპოზიციის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ჩააგდო, რომელშიც Taurus-ის რაკეტები პირდაპირ იყო ნახსენები. ოპოზიციური “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” მიერ წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა 182-მა დეპუტატმა, 480 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა.