გერმანია NATO-სთვის 1 000 ტანკისა და 2 500 ჯავშანტექნიკის შესყიდვას განიხილავს – Bloomberg

გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით NATO-ს ახალი ბრიგადების შექმნასთან დაკავშირებით ერთობლივი ევროპული ძალისხმევის ფარგლებში 2 500-მდე ჯავშანტექნიკისა და 1 000-მდე საბრძოლო ტანკის შესყიდვას განიხილავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, NATO-მ გერმანიას მომდევნო 10 წლის განმავლობაში შვიდი საბრძოლო ბრიგადის სახით კონტრიბუცია სთხოვა. ანონიმური წყაროების მიხედვით, გეგმის დამტკიცების შემთხვევაში გერმანიის მიერ შესყიდული საბრძოლო მანქანებითა და ტანკებით სწორედ ამ ძალების აღჭურვა მოხდება.
წყაროების თქმით, გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსისა და ბუნდესვერის უმაღლესი გენერლების მიერ განხილული გეგმა მოიცავს 1 000-მდე Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკისა და 2 500-მდე GTK Boxer-ის ტიპის ჯავშანტექნიკის შესყიდვას. ტანკების მწარმოებლები KDNS და Rheinmetall არიან, ხოლო საბრძოლო მანქანებს ARTEC აწარმოებს, რომელიც KDNS-ისა და Rheinmetall-ის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.
წყაროების მიხედვით, შეკვეთის ღირებულებამ შესაძლოა €25 მილიარდამდე მიაღწიოს, თუმცა, ვინაიდან შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, საბოლოო რიცხვი, შესაძლოა უფრო დაბალი იყოს.
Bloomberg-ის წყაროების თქმით, შეკვეთის დასრულება მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი, ხოლო ბუნდესტაგში გეგმას მხარი, შესაძლოა, წლის ბოლოსკენ დაუჭირონ.
ამას გარდა, ივნისში გამოცემა Financial Times წერდა, რომ გერმანია 2029 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტის ორი-მესამედით გაზრდას აპირებს, რითაც ის თავდაცვის ხარჯის ზრდის ტემპით საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრებს.
Financial Times მოპოვებულ საბიუჯეტო გეგმაზე დაყრდნობით წერს, რომ 2029 წელს გერმანიის თავდაცვის ხარჯი €162 მილიარდი იქნება, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს €95 მილიარდით აღემატება. გამოცემის ცნობით, აღნიშნულ გეგმას გერმანიის ფინანსთა მინისტრს, ლარს კლინგბეილს 24 ივნისს წარუდგენენ.
ამასთანავე, აღნიშნული რიცხვი მოიცავს ყოველწლიურად უკრაინისთვის €8.5 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფასაც. FT ასევე აღნიშნავს, რომ ამ გეგმით მომდევნო 4 წლის განმავლობაში გერმანიის თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 3.5%-მდე გაიზრდება, რა მაჩვენებელიც 2025 წელს 2.4%-ს შეადგენდა.
შესაბამისად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გეგმით გერმანია NATO-ს ახალი თავდაცვითი ხარჯის ზღვართან მიმართებით, რაც წელს მშპ-ს 2%-დან მშპ-ს 5%-მდე გაიზარდა, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრებს.
პარალელურად, Telegraph-ის ინფორმაციით, გერმანია საზღვაო ხომალდებს გაგზავნის არქტიკაში, რათა რეგიონში რუსულ სამხედრო აქტივობას წინააღმდეგობა გაუწიოს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 30 ივნისს თქვა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ატლანტიკისა და არქტიკის რეგიონებში საპატრულო ხომალდების მეშვეობით რუსეთს “თავს აჩვენებს”.
“საზღვაო საფრთხეები იზრდება… რუსეთი არქტიკის მილიტარიზაციის პროცესშია. ჩვენ ვხედავთ რეგიონში მოქმედი რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობის ზრდას,” თქვა პისტორიუსმა კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“უკვე წელსვე, გერმანია თავს გამოიჩენს ჩრდილოეთ ატლანტიკასა და არქტიკაში,” დაამატა მან.
მანამდე, 1-ელ ივლისს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანია დამატებით ზომებს იღებს, რათა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვის რეგიონებში მოქმედ რუსეთის ე.წ. “ჩრდილოვან ფლოტს” გაუმკლავდეს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2022 წელს რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი შესამჩნევად გაიზარდა, რამაც, როგორც Politico წერს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გაგრძელებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, 1-ელი ივლისიდან გერმანიის ხელისუფლებამ ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვაში მცურავი ნავთობმზიდი ტანკერების დაკითხვა დაიწყო მათი დაზღვევის შესახებ, რომელიც ნავთობით დაბინძურებისგან გამოწვეულ ზიანს ფარავს.
უწყების ცნობით, ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების დაზღვევა ხშირად გაურკვეველია, რადგან ისინი სანდო სადაზღვევო კომპანიებსა და ევროპულ პორტებს თავს არიდებენ.
“ჩვენი მიზანი ძალზე მკაფიოა: ჩვენ ვზრდით წნეხს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე და ვიცავთ ბალტიის ზღვას,” განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.