გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის რეჟიმშია

ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებით, გერმანიამ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, გააუქმა ერთობლივი ფორუმი, უარი თქვა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობაზე და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე.
ფიშერმა არ გამორიცხა ბერლინის მიერ საქართველოს სამხედრო დახმარების გადახედვაც, თუმცა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ გერმანია აუქმებს სტუდენტურ ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვის რეჟიმში ვართ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ღრმა და ფართო ურთიერთობა. შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს მიმართ რაიმე ახალი ფინანსური ვალდებულება არ ავიღოთ. გერმანიის სამხედროებმა ასევე გააუქმეს მონაწილეობა წვრთნებში „Noble Partner“. ჩვენ გავაუქმეთ დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. განვიხილავთ შემდგომ მოქმედებებსაც“, — განუცხადა ფიშერმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაშინ როდესაც ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესი შესაძლებელი იყო.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტში გაწევრიანების პროცესში. საქართველოს მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე, საბჭომ რომელიც არის 27 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურმა, იმ ხალხმა, ვინც რეალურად წყვეტს გაფართოებას, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა ამჟამად. და ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვინდა წინსვლა, მაგრამ გაფართოების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატი ქვეყნის ხელშია. ჩვენო მივესალმებოდით საქართველოს ევროკავშირში. მაგრამ თქვენ იცით პროცესი — თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტს. და თუ არ აკმაყოფილებ, ვერ შეუერთდები [ევროკავშირს]. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეები უნდა დაფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თქვენ უნდა დაუბრუნდეთ კურსს“, — განაცხადა ფიშერმა.
პიტერ ფიშერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას 30 წლის განმავლობაში ჰქონდა.
„ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ, გვინდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ყველაზე დიდი მეგობრობის აქტი, რაც შეგვიძლია ქართველ ხალხს ვაჩვენო. ქართველი ხალხის წინააღმდეგ რამეს გაკეთება არ არის განზრახული“, — დასძინა ფიშერმა.
მას ჰკითხეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეფასებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სექტორისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება მიკრო გადაწყვეტილებაა.
„გაწევრიანების პროცესი და ევროკავშირის პოლიტიკა ძალიან ადვილი გასაგებია. თქვენ მხოლოდ უნდა წაიკითხოთ ევროკავშირის ხელშეკრულებები და გაიგებთ რას წარმოადგენს ევროკავშირი. წაიკითხეთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები და გეცოდინებათ, რა არის საჭირო გასაწევრიანებლად. წაიკითხეთ კომისიის შეფასებები, წაიკითხეთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. ევროპული საბჭო დაკომპლექტებულია 27 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურისგან, მათ შორისაა კანცლერი შოლცი, მაკრონი და სხვა ლიდერები. ისინი არიან პოლიტიკური ლიდერები. ისინი წყვეტენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ასე რომ, ყველას შეუძლია, თავად ნახოს, ეს [გადაწყვეტილების მიმღები] უმაღლესი დონეა“, — განაცხადა ფიშერმა.
საქართველოში ევროკავშირმა საქართველოში მ გუშინ და გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა დღეს განაცხადეს, რომ ევროპული საბჭოს 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა ასევე გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ზემოაღნიშნულს „მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები“ უწოდა.
ევროპული საბჭო არის ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკურ მიმართულებას და პრიორიტეტებს. იგი შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს მეთაურებისგან, ევროპული საბჭოს და კომისიის პრეზიდენტებისგან.
ევროპული საბჭოს 27 ივნისის სხდომის დასკვნებში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას წარმოადგენს.
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში ცვლილების საშუალებით არსებულ მოქმედებათა კურსში, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებისკენ მიჰყავს.