გერმანია და კანადა სამშაბათს კრიტიკული ნედლეულის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმებას მოაწერენ ხელს. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის თქმით ინიციატივის მიზანი ჩინეთზე არსებული დამოკიდებულების შემცირებაა.
წელს პეკინმა იშვიათი წიაღისეულის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, რამაც მსოფლიო ბიზნეს წრეებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ეს ელემენტები ფართოდ გამოიყენება ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ელექტრომობილების ბატარეების, ქარის ტურბინების და კომპიუტერის მყარი დისკების წარმოება. კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ორი ქვეყნის მინისტრები მოაწერენ ხელს. „ამ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ მას სრულად ვუჭერთ მხარს,“ – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.
კარნიმ აღნიშნა, რომ გლობალური ვაჭრობის არასტაბილურობამ, უკრაინის ომმა და კორონავირუსის პანდემიამ კრიტიკული მინერალების მომარაგების ჯაჭვის სუსტი მხარეები ნათლად წარმოაჩინა. „გერმანიამ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ჩინეთის ალტერნატივების ძიება… კანადას ამ პროცესის დაჩქარებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია – არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ევროპისათვისაც”, – განაცხადა მან.
შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია და მოგვიანებით გასაჯაროვდება. გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დოკუმენტი ხუთ ძირითად მიზანს მოიცავს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცეს ნედლეულის დამუშავების, გადამუშავებისა და რეციკლინგის ტექნოლოგიებს. თანამშრომლობა იშვიათი ელემენტების გარდა ლითიუმსა და სპილენძსაც შეეხება. ამ ელემენტების მიწოდება კანადას შეუძლია, ხოლო გერმანია იმპორტითაა დაინტერესებული. ქვეყნები ნედლეულთან დაკავშირებულ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიურ ჩართვასაც გეგმავენ.
წყარო: 1არხი
