გერმანია უსაფუძვლოს უწოდებს და გმობს საქართველოში მისი ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყებაში დაბარებას გამოეხმაურა პეტერ ფიშერიც.
„გერმანიის ელჩის პირველი „გამოძახება“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. გერმანიის პოზიციიდან, მე დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ კრიზისზე პასუხისმგებლობა დავაკისრე საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს და საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა დაბლოკეს. ყური არ დამიგდეს. მე რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება“, — დაწერა გერმანიის ელჩმა X-ზე.
მან ასევე გააზიარა გერმანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერი განცხადება და დაწერა:
„ნუ დაიჯერებთ ცრუ ნარატივს, თითქოს მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები რაღაცნაირად „რადიკალურ დღის წესრიგს“ მივყვებით. ჩემი ყველა აქტივობა სრულად შეესაბამება გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის პოზიციას, რაც არაერთხელ გაცხადებულა წერილობით ევროპული საბჭოს, ჩვენი 27 არჩეული ლიდერის მიერ“.
პეტერ ფიშერი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების ცნობით, გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე“ შეშფოთება გამოთქვეს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შემაშფოთებელია ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებაც.
„24 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან.
შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.
ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩს მოსთხოვეს, რომ ოფიციალურად წარედგინა საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლები.
