„გერმანია არ იქნება ერთადერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც საქართველოში განათლების დაფინანსებას შეწყვეტს. ფინანსურის გარდა, უდიდესია რეპუტაციული ზიანი“ – გიორგი ჭანტურია

„გერმანია არ იქნება ერთადერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც საქართველოში განათლების დაფინანსებას შეწყვეტს. ფინანსურის გარდა, უდიდესია რეპუტაციული ზიანი“ – გიორგი ჭანტურია
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვიდან და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტას უკავშირდება. სამომავლოდ, შეწყდება სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებსა და ევროკავშირის პროგრამებში.
თუმცა, ამ ეტაპზე დაფინანსების შეჩერება არ ეხება სასტიპენდიო პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას.
„განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი, განათლების ექსპერტის, გიორგი ჭანტურიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე, გერმანიის მოქმედება გასაკვირი არ ყოფილა.
ჭანტურია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ დაფინანსება ძირითადად მიმართული იყო ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისკენ, გერმანიის მხარე დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოში მეცნიერების განვითარებას, ამიტომაც თანხების დაპაუზების შემდეგ, ისედაც მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდება.
განათლების სექტორში ვარაუდობენ, რომ გერმანია არ იქნება ერთადერთი, რომელიც საქართველოში საგანმანათლებლო სფეროს დაფინანსებას შეწყვეტს.
„განათლების სისტემა ქვეყნის კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არის და როგორი ტიპის ურთიერთობაც აქვს სახელმწიფოს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთანაც, ის თავისთავად აისახება განათლების სისტემაზე.
გერმანია, პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოში საელჩო ჰქონდა და უდიდესი მხარდამჭერი იყო 90-იან წლებში, მათ შორის განათლების სისტემაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი, განსაკუთრებით მეცნიერების განვითარების კუთხით.
ეს გადაწყვეტილება, ძალიან სამწუხაროა, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა, იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ხელისუფლებას გერმანიასთან აქვს. მიმდინარე კვლევები და სტიპენდიები არ გაჩერდება, თუმცა სამომავლოდ, ამ ბენეფიტებით სარგებლობის უფლება საქართველოს მოქალაქეებს აღარ ექნებათ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად გააქტიურდებიან, რადგან ეს ხაზი გაგრძელდება და გერმანია არ იქნება ჩვენი უკანასკნელი პარტნიორი, რომელიც განათლების მხარდაჭერას შეწყვეტს.
ცხადია, რომ დაფინანსებების შეწყვეტა ჩვენი განათლების სისტემას უკიდურესად მძიმედ დააწვება. ამ ხელისუფლების პირობებში, ეს თანამშრომლობა აღარ განახლდება, როცა სიტუაციაა შეიცვლება, დარწმუნებული ვარ ეს გრანტებიც განახლდება. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური დანაკარგი, თანამშრომლობის აღდგენის პროცესს ბევრად უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ასევე უდიდესია რეპუტაციული ზიანი.
ჩვენ ერთადერთი „რუსთაველის“ ფონდი გვაქვს, რომელიც მეცნიერებაში რაღაც დონის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, თუმცა დაფინანსება ძალიან მწირი და შეზღუდულია, დოქტორანტებზე წელიწადში მაქსიმუმ 30-40 გრანტი გასცენ, თანაც ეს თანხა სრულად არაადეკვატურია- დოქტორანტს პარალელურად კიდევ 3 საქმის კეთება უწევს“,- აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.