გერმანიაში შესაძლოა „ტაქსა“ აიკრძალოს

2024 წლის თებერვალში გერმანიაში გამოქვეყნდა ცხოველთა დაცვის ახალი კანონპროექტი. კანონში გათვალისწინებული ღონისძიებების უმეტესობა ემსახურება შინაური ცხოველების ონლაინ ვაჭრობის რეგულირებას და ლეკვების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღებას. თუმცა, კანონპროექტიდან ისიც ირკვევა, რომ გერმანიაში შესაძლოა ძაღლის ჯიში „ტაქსა“ კანონგარეშედ გამოცხადდეს, წერს Daily Mail.
გერმანიის კინოლოგიურმა კლუბმა (VDH) წამოიწყო პეტიცია „ჩვენი საყვარელი ძაღლების“ გადასარჩენად და ამტკიცებს, რომ კანონი ძალიან დიდ ადგილს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის იმის განსაზღვრაში, თუ რა წარმოადგენს გენეტიკურ დეფექტს. ძაღლების მფლობელები შიშობენ, რომ ტაქსა შეიძლება აიკრძალოს მათი მოკლე ფეხების და წაგრძელებული ხერხემლის გამო, რაც ცხოველებს ზურგის პრობლემების მიმართ მოწყვლადს ხდის.
საქმე იმაშია, რომ კანონპროექტის თანახმად, ტაქსები ხვდებიან „ჩონჩხის დარღვევების“ მქონე ძაღლების განსაზღვრებაში. დოკუმენტის ტექსტში საუბარია ისეთი მახასიათებლების მქონე ჯიშების აკრძალვაზე, როგორიცაა ხერხემლის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მოკლე ფეხებთან და ზურგის სიგრძესთან.
გერმანული კინოლოგიური კლუბის პეტიციას უკვე 12500 ხელმოწერა აქვს შეგროვებული. პეტიციის ავტორები შიშობენ, რომ ცხოველთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, გერმანიაში შეიძლება აიკრძალოს ძაღლების მრავალი ჯანსაღი ჯიში.
დოკუმენტის ტექსტში ჩამოთვლილია დაავადების სხვადასხვა მახასიათებლები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანსაღი ძაღლების მოშენების აკრძალვა. პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ამ მახასიათებლებისგან ბევრი მკაფიოდ იქნება აღწერილი – ამ დროისთვის, VDH-ის თანახმად, ზოგიერთი მათგანი “ორაზროვანი და ბუნდოვანია”.
კანონით განსაზღვრულ მახასიათებლებს შორისაა:
ძვლოვანი სისტემის დარღვევები;
მოძრაობის დარღვევები;
კოჭლობა;
თმის ნაკლებობა;
სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.
თავის მხრივ, პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ „ძვლოვანი სისტემის ანომალიების“ კონცეფცია ძალიან ბუნდოვანია – VDH-ის თანახმად, ის შეიძლება განიმარტოს, როგორც „ზომებში რაიმე მნიშვნელოვანი გადახრის“ მქონე ცხოველების მოშენების აკრძალვად.