საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში (2017-2020 წლებში), ელგუჯა ხოკრიშვილი აცხადებს, რომ გერმანიის მხრიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა დიპლომატიური პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა.
როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ელჩის გაწვევის პოზიტიურ ჭრილში განხილვას „სერიოზული ნიჭი“ სჭირდება.
„[დიპლომატიური] ესკალაციის დონეებით თუ ვიმსჯელებთ, ელჩის გაწვევა ესკალაციის ერთ-ერთი მაღალი ფორმაა, როდესაც ქვეყანა გამოხატავს თავის პროტესტს. მეორე საკითხია, რომ მოხდება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გადააზრება და მესამე – ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ თავის ელჩს სოლიდარობას უცხადებენ, უარყოფენ ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც გაჟღერდა გერმანიის ელჩის და გერმანიის მთავრობის მიმართ. არ მგონია, რომ [„ქართულ ოცნებაში“] ამდენი არ ესმოდეთ და თუ არ ესმით, კიდევ უფრო დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე. ქვეყანა რომ ელჩს კონსულტაციებისთვის იწვევს და ეს დიპლომატიური პროტესტის და ესკალაციის უმაღლესი ზომა არის, ამის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენისთვის სერიოზული ნიჭი არის საჭირო“, – აცხადებს ელგუჯა ხოკრიშვილი.
ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, მანიპულაციაა გერმანიის ელჩის გაწვევა ულტრამემარჯვენე, პრორუსულ პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიასთან“ (AFD) დაკავშირებაც.
კერძოდ, პროსამთავრობო მედია ცდილობს, რომ ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა AFD-ს მიერ დიპლომატის მისამართით გამოთქმულ კითხვებს დაუკავშიროს.
„ეს არის იმ მანიპულაციის ნაწილი, რაც იმ განცხადებებში ვნახეთ, სადაც სცადეს ელჩის კონსულტაციებზე გაწვევა რაღაც პოზიტიურ ჭრილში წარმოეჩინათ, თითქოს ეს არის გადატვირთვა, ამას დაემატა ეს. გერმანულ პრესას თუ გადახედავთ, დღეს ამ რეჟიმს მოიხსენიებენ როგორც პრორუსულ რეჟიმს, ეს აჩვენებს რამდენად მძიმე არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე [მდგომარეობა]. თუ ავიღებთ ამ ულტრა-მემარჯვენე პარტიას [AFD], კი, მას ბოლო პერიოდში მხარდამჭერები გაეზარდა, მაგრამ ეს პარტია თავისი დამოკიდებულებით პრორუსულია. დღეს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მოკავშირე არის პრორუსული პარტია. ფაქტობრივად, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსაც რასაც ვხედავთ, ეს არის მცდელობა რუსული ავტორიტარიზმის დამყარების, ხომ? ეს გამჭვირვალობის კანონი, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, კონტროლი და სტიგმატიზაცია, მედიის კონტროლი და შეზღუდვა, უმცირესობების უფლებებზე თავდასხმა – ეს ყველაფერი რუსული სახელმძღვანელოდან გადმოღებული თანმიმდევრობა არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ექცევა სრულ იზოლაციაში, რაც ნიშნავს ავტომატურად რუსული გავლენის გაძლიერებას. ამიტომ ემთხვევიან [AFD-სთან]. ევროპარლამენტშიც თუ გადავხედავთ, მათი მოკავშირეები არიან ის პარტიები, რომლებიც ითვლებიან პუტინის რუსეთის მხარდამჭერებად“, – აცხადებს გუჯა ხოკრიშვილი.
მისი თქმით, ელჩის გაწვევა ნიშნავს იმასაც, რომ გერმანიის მთავრობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ურთიერთობას გადატვირთავს, ოღონდ, ეს შესაძლოა, „რეჟიმის დელეგიტიმაციაზე“ მიუთითებდეს.
“გერმანიის მთავრობა და მისმა ევროპის მინისტრმა დღეს სანამ დაიწყებოდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლუქსემბურგში, განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებას, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მოუწოდებენ დე-ფაქტო ხელისუფლებას, ეს მისწრაფება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისინი ამით, ფაქტობრივად, დიფერენცირებას აკეთებენ, რომ დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას“, – აცხადებს ელგუჯა ხოკრიშვილი.
თუმცა ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიასთან ურთიერთობის ისეთ გამწვავებას, რომ ელჩი საერთოდ აღარ დაბრუნდეს, ნაკლებად ვარაუდობს.
„პეტერ ფიშერს [როტაციის] ვადა წლის ბოლოს ეწურაბა, მაგრამ, არ მგონია, მთლიანად გაიწვიონ ელჩი და დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტონ, ღმერთმა დაგვიფაროს. წარმომადგენლობა აუცილებლად გაგრძელდება და გერმანიას ეყოლება ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც გააგრძელებს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის კომუნიკაციას, თუნდაც ამ არსებულ რეჟიმთან“, – აცხადებს ელგუჯა ხოკრიშვილი.
ამასთან, ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, ძნელი წარმოსადგენია ისიც, რომ გერმანიაში „ქართული ოცნების“ ახლად დანიშნულმა ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ ორ ქვეყანას შორის გამწვავებულ ურთიერთობებს პოზიტიური დინამიკა შესძინოს.
მისი თქმით, ახალ ელჩს გაუჭირდება გერმანულ მხარესთან „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მისწრაფებები ახსნას.
„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამ მოცემულობაში ვინმემ, შეიძლება რამე პოზიტიური წვლილი შეიტანოს და ორმხრივი ურთიერთობები გააუმჯობესოს. იმიტომ, რომ აქ ფუნდამენტურ საკითხებზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში არის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ასევე იმ კონსტიტუციურ ვალდებულებას არ ასრულებს, რაც არის ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია.
ელჩი, რომელიც გერმანიაში იქნება, მან როგორ უნდა ახსნას ის, რომ რუსული ტიპის ავტორიტარიზმი, რომელიც ქვეყანაში ყალიბდება, ეს არის გერმანიაში “დიფ სტეტის“ და ვიღაცების ბრალი?! სრულ აბსურდზე გვაქვს ლაპარაკი.
რა თქმა უნდა, გერმანიაში არიან ავტორიტარული ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები და მათაც ჰყავთ ელჩები. მე მქონია პირადად მათთან საუბარი და მათ რასაც ჩასძახებენ თავიანთი ქვეყნებიდან, მიდიან და იმას იმეორებენ. ასეთ საბრალო მდგომარეობაში არიან“, – აცხადებს ელგუჯა ხოკრიშვილი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დროებით გაწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირზე, გერმანიაზე და პერსონალურად ელჩზე მიმართული თავდასხმების გამო, რაც მრავალი თვეა გრძელდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე წერს, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელებს.
გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ არის გადახრილი და მუდმივად თავს ესხმის ევროკავშირს. კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც. ელჩის გაწვევა კი გერმანიის საგარეო უწყების პასუხია საქართველოს მთავრობის მიმართ.
„ელჩის გაწვევა კულმინაციური წერტილი განგრძობითად მიმდინარე ესკალაციისა საქართველოს პრორურ მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ელჩ ფიშერს შორის. სექტემბერში, კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და საჯაროდ ახსენეს ფიშერის ქვეყნიდან გაძევების საკითხი“, — წერს გერმანული გამოცემა.
„შპიგელი“ მიუთითებს, რომ ამას წინ უძღოდა გერმანიის ელჩის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა „ოცნების“ ავტორიტარული მმართველობის მისამართით და რომ მას პრობლემები ექმნებოდა „ოცნების“ მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესებზე დასწრების გამოც. დღეებით ადრე კი საქართველოს მთავრობამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი დააჯარიმა რუსთაველზე უწყვეტად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისვლის და სოლიდარობის გამოხატვის გამო.
„ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს და სხვა ევროპელ დიპლომატებს დიდი ხანია ვენის კონვენციის დარღვევაში, შიდა საქმეებში ჩარევასა და „რადიკალების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს. „რადიკალებს“ ივანიშვილის პარტია უწოდებს ოპოზიციურ ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ. სექტემბერში ელჩი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს. რის შემდეგაც, უკვე ოქტომბრის დასაწყისში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იხმო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
“ჩვენ მას გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა არის მიუღებელი და უნდა შეჩერდეს”, – განაცხადა მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
