გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ

გერმანიაში დაიწყო რკინიგზის მემანქანეთა 3-დღიანი გაფიცვა. ისინი სამუშაო საათების შემცირებას და ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. გერმანიის სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ის სატვირთო მატარებლების მემანქანეები გუშინ, 9 იანვარს, საღამოდან გაიფიცნენ, ხოლო სამგზავრო მატარებლების – დღეს, 10 იანვრის დილიდან.
გაფიცვის გამო გაჩერებულია შორ მანძილზე მოძრავი მატარებლების დაახლოებით 80%. Deutsche Bahn-მა შეიმუშავა დროებითი, საგანგებო გრაფიკი, რომლითაც მხოლოდ მოკლე მარშრუტების ნაწილზე გადაადგილებას უზრუნველყოფს.
გერმანიის რკინიგზის მემანქანეები, რომლებიც დამსაქმებელთან შეთანხმებას ვერ აღწევენ, 2023 წლის შემოდგომიდან უკვე მესამედ გაიფიცნენ. პროფკავშირი მოითხოვს სამუშაო დროის შემცირებას კვირაში 38-დან 35 საათამდე, ხელფასის 555 ევროთი გაზრდას და ინფლაციის შესაბამის ერთჯერად კომპენსაციას – დაახლოებით 3000 ევროს. კონცერნი Deutsche Bahn-ი ამ მოთხოვნების შესრულებას არარეალურს უწოდებს და მზად არის, მხოლოდ სამუშაო რეჟიმის შეცვლის საკითხი განიხილოს.
გაფიცვის დაწყებამდე, 9 იანვარს, კონცერნმა მემანქანეთა პროფკავშირის ლიდერებს მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ. თავის მხრივ, პროფკავშირმა Deutsche Bahn-ისგან შეთავაზებულ კომპრომისს არაარსებითი და შეურაცხმყოფელი უწოდა.
რკინიგზელთა გაფიცვა კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რომელიც გერმანიაში შეიქმნა ფერმერების საპროტესტო აქციების გამო. ისინი ტრაქტორებით და სატვირთო ავტომანქანებით პერიოდულად კეტავენ სხვადასხვა ავტომაგისტრალს.
გერმანელმა ფერმერებმა ერთკვირიანი საპროტესტო აქცია 8 იანვრიდან დაიწყეს მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, ეტაპობრივად გააუქმოს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება. ფერმერები აცხადებენ, რომ შეღავათების გარეშე ბევრი მეურნეობა გაკოტრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად