ბერლინში გაიმართა ახლად დაარსებული პარტიის – „სარა ვაგენკნეხტის კავშირი: ჯანსაღი აზრისა და სამართლიანობისთვის “ პირველი პრესკონფერენცია.
პარტიას ამ ეტაპზე პროგრამა არ აქვს, აქვს მხოლოდ მცირე მანიფესტი. მოელიან, რომ დეტალური პარტიული პროგრამა შემუშავდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ორ წელიწადში.
ამის მიუხედავად სარა ვაგენკნეხტმა და მისმა თანაპარტიელებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
გერმანიის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა მიგრაცია, ლტოლვილების მოზღვავება. ვაგენკნეხტის პარტია ფიქრობს, რომ მიგრაცია უნდა შეიზღუდოს. პარტიის თავმჯდომარის აზრით, საქმე გვაქვს უკონტროლო მიგრაციასთან.
ის მცდარს უწოდებს გერმანიის მთავრობის პოლიტიკას კლიმატის ცვლილების სფეროში.
პარტია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია და კიევსა და მოსკოვს შორის დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა.
სარა ვაგენკნეხტი მემარცხენე პოლიტიკოსია, ის გერმანიის პარლამენტის აქტიური წევრია, იყო ევროპის პარლამენტის დეპუტატი.