გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, საქსონიის მხარეში ეჭვმიტანილებს €2 მილიარდის ($2.17 მილიარდი) ღირებულების ბიტკოინი ჩამოართვეს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, 50 000 ბიტკოინის კონფისკაცია, სავარაუდოდ, გერმანიაში ამ სახის ქონების ჩამორთმევის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.
გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ დროისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. პოლიციის ცნობით, მიმდინარე გამოძიება 40 და 37 წლის მამაკაცებს ეხება, რომლებიც 2013 წლამდე პირატული ვებსაიტის მართვაში არიან ეჭვმიტანილნი. პოლიციის ვარაუდით, აღნიშნული ვებ-პორტალიდან შემოსული თანხით ორმა ეჭვმიტანილმა ბიტკოინები იყიდა. პოლიციის განცხადებით, გამოძიება საავტორო უფლებების დაცვის ქვეშ მყოფი ნამუშევრების უნებართვო კომერციულ ექსპლუატაციასა და შემდგომში ფულის გათეთრების შემთხვევას ეხება.
პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობით, ბიტკოინების ჩამორთმევა მას შემდეგ მოხდა, რაც ეჭვმიტანილებმა ფედერალური კრიმინალური პოლიციის განყოფილების მიერ მიწოდებულ ოფიციალურ საფულეზე ბიტკოინები საკუთარი ნებით გადაგზავნეს.
პოლიციის თქმით, გამოძიების დამთავრებამდე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება.