გერმანიაში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი მომდევნო 18 თვის განმავლობაში დაახლოებით 14%-ით გაიზრდება. ამით, როგორც ჩანს, განიმუხტა დაძაბულობა, რომელიც ახალი მთავრობის წინაშე არსებობდა.
კომისიამ, რომელშიც დამსაქმებლები და პროფკავშირები არიან წარმოდგენილი, პარასკევს, 27 ივნისს, რეკომენდაცია გასცა, რომ მინიმალური ხელფასი საათში ამჟამინდელი 12,82 ევროდან 2026 წლის დასაწყისში 13,90 ევრომდე გაიზარდოს, ერთი წლის შემდეგ კი – 14,60 ევრომდე.
კომისიის ხელმძღვანელმა კრისტიან შიონეფელდმა განაცხადა, რომ ის წელს „განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე იდგა, ეკონომიკის სტაგნაციისა და გაურკვეველი პროგნოზების გათვალისწინებით“. მან თქვა, რომ ჩაატარეს „ძალიან რთული მოლაპარაკებები, რომლებიც კიდევ უფრო გართულდა საჯაროდ გამოთქმული მოლოდინების გამო“.
გერმანიაში, რომელსაც ევროპაში უდიდესი ეკონომიკა აქვს, ეროვნული მინიმალური ხელფასი 2015 წლიდან შემოიღეს – დაჟინებული თხოვნით მემარცხენე-ცენტრისტი სოციალ-დემოკრატებისა, რომლებიც მაშინ – ისევე, როგორც ახლა – კონსერვატორების ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობაში უმცროსი პარტნიორები იყვნენ.
თავდაპირველად, მინიმალური ხელფასი საათში 8,50 ევროთი იყო განსაზღვრული, თუმცა მას დამოუკიდებელი კომისია რეგულარულად გადახედავს ხოლმე. მასში ერთი პოლიტიკური ჩარევა მოხდა: 2022 წელს მაშინდელი კანცლერის, სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცის მმართველობის დროს, მთავრობამ ის საათში 12 ევრომდე გაზარდა და ამით შოლცის საარჩევნო დაპირება შეასრულა.
წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში სოციალ-დემოკრატებმა ხელფასის 15 ევრომდე გაზრდა მოითხოვეს. ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მიერ დადგენილ კიდევ ერთ ზრდას.
ფორუმი
