გერმანიაში მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი GDL მორიგ გაფიცვას აანონსებს. გაფიცვაში მემანქანეებთან ერთად მონაწილეობას სარკინიგზო ქსელის სხვა თანამშრომლებიც მიიღებენ.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, მემანქანეებმა Deutsche Bahn-ის მიერ მესამედ წარდგენილ გაუმჯობესებულ წინადადებაზე უარი თქვეს. რიგით მეოთხე მასშტაბური გაფიცვა ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყება და 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გერმანიის ყველაზე დიდი სარკინიგზო ოპერატორმა Deutsche Bahn-მა მემანქანეებს გაუმჯობესებული პირობები 19 იანვარს წარუდგინა, თუმცა, მათგან მორიგი უარი მიიღო.
პროფკავშირის მთავარი მოთხოვნა ცვლის თანამშრომლების სამუშაო საათების კვირაში 38-დან 35-საათამდე ხელფასის დაკლების გარეშე შემცირებაა.
ამავდროულად, კავშირი გაზრდილ ინფლაციასთან გამკლავების მიზეზით ყოველთვიური ხელფასის 555 ევროთი გაზრდას და ერთჯერადად 3 000 ევროს გადახდას ითხოვს.
Deutsche Bahn-მა მემანქანეებს ხელფასის 4.8%-ით ზრდა, 2025 წლის აპრილიდან კი 5%-იანი ზრდა შესთავაზა. სარკინიგზო ოპერატორი აღნიშნავს, რომ ინფლაციასთან გამკლავების მიზნით თანამშრომლებს 32 თვეზე გადანაწილებული კომპენსაცია შესთავაზეს. ამავდროულად, კომპანიამ მემანქანეებს 2026 წლიდან სამუშაო საათების 38-დან 37-საათამდე შემცირება.