ბერლინის კლინიკა „შარიტეს“ ექიმებმა მეორედ მოახერხეს აივ-ინფექციის მქონე პაციენტის განკურნვა. ინფორმაცია ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ექიმების ცნობით, საუბარია 60 წლის პაციენტზე, რომელსაც დიაგნოზი 2009 წელს დაუსვეს, 2015 წელს კი მას ასევე ლეიკოზი აღმოაჩნდა. 5 წლის წინ მას დონორის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს და ქიმიოთერაპია ჩაუტარეს, რის შემდეგაც მან თერაპიაზე უარი თქვა.
„კომპლექსური დაკვირვების შედეგად, ექიმების ჯგუფმა დღემდე ვერ აღმოაჩინა ვირუსის ნიშნები. პაციენტის იმუნური სისტემა ფუნქციონირებს, ვერ გამოვლინდა კიბოს უჯრედებიც“, – აღნიშნავენ ექიმები.
მათივე ცნობით, ეს ტრანსპლანტაცია განსხვავდება იმ პროცედურებისგან, რომელიც მანამდე აივისგან განკურნებულ პირველ 5 ადამიანს ჩაუტარეს. ამჯერად ვირუსი დაამარცხეს იმ დონორის უჯრედებით, რომელსაც აივისგან თანდაყოლილი იმუნიტეტი არ ჰქონია. ამისთვის საჭირო გენები მას მხოლოდ ერთი მშობლისგან გადაეცა.
„ის ფაქტი, რომ პაციენტი განიკურნა იმის მიუხედავად, რომ დონორს აივისგან იმუნიტეტი არ ჰქონდა, ძალიან გასაკვირია. წინა გადანერგვების შემთხვევაში ვირუსი რამდენიმე თვეში ისევ იწყებდა გამრავლებას“, – განაცხადა პროფესორმა კრისტიან გებლერმა.
ახლა მეცნიერები არკვევენ, რატომ აღმოჩნდა ეს მეთოდი წარმატებული სწორედ ამ პაციენტის შემთხვევაში.
ამ ეტაპზე ცნობილია ადამიანის აივისგან განკურნების 5 დადასტურებული შემთხვევა. პირველი პაციენტი – თიმოთი რეი ბრაუნის „შარიტეში“ 2008 წელს განიკურნა. კიდევ ორმა პაციენტმა კი აივი საკუთარი იმუნიტეტის მეშვეობით დაამარცხა. მეოთხე პაციენტმა კი დაავადება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დახმარებით დაამარცხა.
წყარო: იმედინიუსი
