გერმანიაში აბრამოვიჩის Mercedes, Lamborghini და ორი Bugatti დააპატიმრეს

მაინის ფრანკფურტის პროკურატურამ, სანქციების თავიდან აცილების გამოძიების ფარგლებში, 58 წლის რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის ოთხი ძვირადღირებული ავტომობილი ამოიღო.
ინფორმაციას Der Spiegel ავრცელებს.
საუბარია Mercedes-ზე, Lamborghini-სა და ორ Bugatti-ზე, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა. ისინი ამჟამად ობერზულმში, ვინტაჟურ და სპორტულ ავტომობილებზე სპეციალიზებულ კომპანიაში ინახება. დაყადაღების შემდეგ ავტომობილების გაყიდვა, გაქირავება ან გირავნობა აკრძალულია.

ამის გარდა, კრიმინალური პოლიციის ფედერალური სამმართველოსა და სანქციების აღსრულების ცენტრალური ოფისის გამომძიებლებმა ბავარიის გარმიშ-პარტენკირხენში მდებარე აგარაკი, Leitenschlössl-ი რამდენჯერმე გაჩხრიკეს, რომლის საბოლოო მფლობელი, ასევე, აბრამოვიჩია. ნივთმტკიცების სახით ხელოვნების რამდენიმე ნიმუში ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული ვილა მანამდე ს პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ქალიშვილს, ტატიანა დიაჩენკოს ეკუთვნოდა, რაც შემდეგ აბრამოვიჩმა ერთ-ერთი კომპანიის მეშვეობით შეისყიდა. ადგილობრივებს ბიზნესმენი იქ არაერთხელ უნახავთ.
მილიარდერი ეჭვმიტანილია საგარეო ვაჭრობის კანონების, ასევე, გერმანიის ბუნდესბანკის, ეკონომიკისა და ექსპორტის კონტროლის ფედერალური უწყებების წინაშე აქტივების დეკლარაციის ვალდებულებების დარღვევაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბრამოვიჩს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება. ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, მის კლიენტს ვილასთან და ძვირადღირებულ ავტომობილებთან საერთო არაფერი აქვს.
ცნობისთვის: რომან აბრამოვიჩს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 2022 წლის მარტში, ში რუსეთის შეჭრისთანავე დაუწესა. ბრიუსელის დასაბუთებით, ის არის “რუსი ოლიგარქი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირებით,” რაც “მას მნიშვნელოვანი სიმდიდრის შენარჩუნებაში დაეხმარა.” აბრამოვიჩმა ევროკავშირის სანქციები გაასაჩივრა, მაგრამ წააგო. სასამართლო დაეყრდნო ბიზნესმენის როლზე კომპანია Evraz-ში და აღნიშნა, რომ მეტალურგია „რუსეთის მთავრობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა,“ ამ კომპანიაში კი აბრამოვიჩი 28,64%-იან წილს ფლობს.
www.bpn.ge