გერმანიამ სოლიდარობა გამოუცხადა ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს

გერმანიამ სოლიდარობა გამოუცხადა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, რამაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, ს კრიტიკა გამოიწვია.
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი შეხვდა საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ წარმომადგენელებს.
„სოლიდარობა მამაც საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს, რომელიც დაარსდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო მასობრივად გათავისუფლებული, დისკრიმინაციის მსხვერპლი საჯარო მოხელეების უფლებების დასაცავად. არა შიშსა და ზეწოლას საქართველოში“, — დაწერა ფიშერმა X-ზე.
გერმანიის საელჩომ საქართველოში ასევე გააზიარა პეტერ ფიშერის პოსტი და დაწერა, რომ გერმანია სოლიდარობას უცხადებს მამაც პროფესიულ კავშირს, რომელიც დაარსდა იმ მრავალი ქართველი საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს ან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო.
„ასეთი შეხვედრები ჩვენი საერთო ღირებულებების გამოხატულებაა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, დასაქმებულთა დაცვა და ევროპული იდეა“, — აცხადებს გერმანიის საელჩო.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება შეაფასა, როგორც აკრედიტებული დიპლომატის მხრიდან მასპინძელ ქვეყანაში მმართველობით ფუნქციაში ჩარევა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ზეწოლა, რაც, თავის მხრივ, „ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა.
„სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს მართლმსაჯულების აღსრულებას სასამართლოს მიერ! როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი თავის თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს და მტყუან-მართალი დაადგინოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოში, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მოქმედებს სასამართლო ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებების სისწორე არაერთხელ დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, მათ შორის, ყველა იმ საქმეზე (რუსთავი 2, გვარამია, მელია, სააკაშვილი და ა.შ.), რომლებიც, ამ განცხადების მსგავსი ცილისმწამებლური თავდასხმის ობიექტი იყო“, — დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული ელჩი „დეზინფორმაციული ნარატივით თავს ესხმის ქართულ მმართველობასა და მართლმსაჯულებას“.
„დღემდე არცერთი მონაწილე საელჩოსგან არ მოგვისმენია ბოდიში იმ ცილისმწამებლურ დემარშზე, რომლითაც, სააკაშვილის ვითომ მომაკვდავი მდგომარეობის გამო, მის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, რეალურად კი, მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ის, რომ 2023 წლის 27 თებერვლის ეს დემარში ქართული მმართველობის და მართლმსაჯულების მიმართ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური იყო, დემარშიდან ორ თვეში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ დაარსდა საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ.
ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლება დაიწყო. საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს „ქართული ოცნების” მიერ 2024 წლის ბოლოს, დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საჯარო სამსახურში რეორგანიზაციას ამარტივებს და რომელსაც, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ