გერმანელმა რიკო კრიგერმა, რომელსაც ბელარუსში დახვრეტა მიუსაჯეს, ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოახდინა-ოფიციოზი

გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერს, რომელსაც მინსკის რაიონულმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ბრალი 2023 წლის ოქტომბერში მინსკის მახლობლად მდებარე „ოზერიშჩეს“ სარკინიგზო სადგურზე მომხდარ აფეთქებაში წაუყენეს. ამის შესახებ სახელმწიფო გამოცემა “ბელარუს სეგოდნია“ იუწყება, რომლის შინაარსსაც “ნასტოიაშჩეე ვრემია” გაეცნო.

გამოცემის ცნობით, კრიგერმა აფეთქება, სავარაუდოდ, განახორციელა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) დავალებით, რომლის თანამშრომლებმა მას ასაფეთქებელი ნივთიერებები და ინსტრუქციები მიაწოდეს.
გამოცემა “ბელარუს სეგოდნიას“ ჟურნალისტის, ლუდმილა გლადკაიას თქმით, კრიგერის ბრალეულობა „ოზერიშჩეს“ სადგურზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ, დასტურდება “ათობით მოწმის, მსხვერპლის, აფეთქების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე ქუჩების მაცხოვრებლებისა და იმ ადამიანები ჩვენებებით, რომლებიც იმყოფებოდნენ რკინიგზის სადგურზე იმ დროს და აფეთქების შემდეგ.”

გლადკაიამ ასევე განაცხადა, რომ კრიგერმა სავარაუდოდ არ გაასაჩივრა განაჩენი, ამიტომ ის ძალაში ორშაბათს, 22 ივლისს შევიდა.
· ბელარუსულ უფლებადამცველ ორგანიზაცია “ვიასნას” ცნობით, 30 წლის რიკო კრიგერი პატიმრობაში 2023 წლის ნოემბრიდან იმყოფება. იგი ტერორიზმსა და მეომრად დაქირავებაში იყო ბრალდებული.
· მინსკის სასამართლოს მიერ მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია ბელარუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ვიასნამ“ გაავრცელა 19 ივლისს.
· „ვიასნას“ ცნობი ბელარუსის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი გამოცემები „ზერკალო“ და „ნაშა ნივა“ იტყობინებიან, რომ კრიგერი ერთი თვის წინ, 21 ივნისს გაასამართლეს.
· გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა ინფორმაცია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ, თუმცა უწყებას მსჯავრდადებულის სახელი არ დაუსახელებია, ითქვა მხოლოდ ის, რომ „ბერლინი მჭიდრო კავშირშია მინსკის ხელისუფლებასთან მის ბედთან დაკავშირებით”.
· “ვიასნა” ვარაუდობს, რომ კრიგერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება შეიძლება დაკავშირებული იყოს მის სავარაუდო გაწევრიანებასთან კასტუს კალინოვსკის პოლკში – ბელარუსიის მოქალაქეების დაჯგუფებაში, რომლის წევრებიც ნებაყოფლობით იბრძვიან ში ს მხარეს.
· ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯის განაჩენის (დახვრეტის) არა მხოლოდ გამოტანა, არამედ აღსრულება ხდება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქის სიკვდილით დასჯა იშვიათი შემთხვევაა ბელარუსის სასამართლო პრაქტიკისთვისაც კი.