გერმანელი ათლეტი: ჩინელები ოჯახებს წლები ვერ ხედავენ! ეს კარგია?

ჩინელმა წყალში მხტომელებმა საოცარი შედეგი დააფიქსირეს. გერმანელმა ტიმო ბართელმა მათ შესახებ ისაუბრა.

გერმანელი წყალში მხტომელები, ტიმო ბართელი და იადენ აიკერმანი 10 მეტრიდან 6 ნახტომის შემდეგ ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე აღმოჩნდნენ. ეს ცუდი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მათგან ყველა მედალს ელოდა.

“გერმანიაში სპორტსმენისგან ოლიმპიადაზე ყოველთვის მედლის აღებას ითხოვენ. მე-7 ადგილი კარგი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში სულერთია, მე-7 იქნები თუ მე-4. მე მაინც კმაყოფილი და ამაყი ვარ, რომ აქამდე მოვედით და ფინალშიც გავედით,” – თქვა ბართელმა.

ამ დისციპლინაში ჩინელებს ჰქონდათ ტრიუმფი – 490,35 ქულით. ჯუნჯი ლიანმა და ჰაო იანმა ბრიტანელები (დალეი/უილიამსი) მთელი 27 ქულით ჩამოიტოვეს!

ბართელი: “სიგიჟეა! არც ვიცი, ოდესმე თუ მინახავს, რომ ვინმეს 490 ქულა დაეფიქსირებინოს.”

ზოგადად, ოლიმპიურ თამაშებზე, წყალში ხტომაში ჩინელები დომინირებენ ხოლმე. შაბათს ქალმა ჩინელმა მხტომელებმაც ოქროს მედლები აიღეს.

აი, რას ამბობს გერმანელი ბართელი ჩინელ სპორტსმენებზე: “ჩინელები ინტერნატში ცხოვრობენ და ერთ ოთახში უმეტესად ოთხნი არიან ხოლმე. დღეში 12 საათს ვარჯიშობენ და წყალში ხტომის გარდა სხვას არაფერს აკეთებენ. პირადი ცხოვრება თითქმის არ აქვთ. მეგობრებთან და პარტნიორებთან არსად დადიან, არც ნაყინს ჭამენ და არც რესტორნებში შედიან. ოჯახებსაც კი ვერ ხედავენ. 3 წელი ისე გადის, ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობენ ნორმალურად.”

ტიმო ბართელი ფიქრობს, რომ ეს მეტისმეტია: “სწორედ ამიტომაა განსხვავება მათსა და ჩვენს შორის. მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა: გვინდა კი ასე? კარგია ასე ცხოვრება იმისათვის, რომ ოქროს მედალი აიღო?”

რამდენად დიდია სპორტის მნიშვნელობა და რა მსხვერპლზე უნდა წავიდეს სპორტსმენი? ბართელი: “წავიკითხე, რომ გერმანიაში ოქროს მედლისთვის 20 000 ევროს გვიხდიან. ღირს ასე ცხოვრება ამისთვის? მე ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ, ფულს მნიშვნელობა არ აქვს.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება