უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ კიევი ხედავს და მიესალმება აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესახებ პოზიტიურ სიგნალებს და მხარეები რაკეტების მიწოდებისა და გამოყენების ტექნიკურ ნიუანსებზე მუშაობენ. ამის შესახებ ტიხიმ ბრიფინგის დროს განაცხადა.
ტიხიმ აღნიშნა, რომ უკრაინა Tomahawk-ების მიწოდებას აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პერიოდშიც ითხოვდა, თუმცა მაშინ თეთრმა სახლმა კიევს რამდენიმე მოკლე და უარყოფითი პასუხი მისცა.
“ამჟამად ასეთი პასუხი – ‘არა’ – აღარ არსებობს. არის ძალიან ვრცელი და აქტიური დისკუსია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ამ რაკეტების მიწოდება” – განაცხადა მან.
ტიხიმ დაამატა, რომ ამჟამად Tomahawk-ების გამოყენების ტექნიკური დეტალების შესახებ მედიის მხრიდან მრავალი კითხვაა. მისი თქმით, ყველა ტექნიკური ნიუანსი ამჟამად ორ ქვეყნის გუნდებს შორის მუშავდება.
“ამჟამად უკრაინული და ამერიკული გუნდები მუშაობენ იმისთვის, რომ გადაჭრან ყველა ეს დეტალი, განიხილავენ, რა ფორმით და როგორი კომპლექტაციით შეიძლება რაკეტები უკრაინას მიეწოდოს” – თქვა საგარეო უწყების სპიკერმა.