„გეოგრაფიული აღნიშვნის არსებობის შემთხვევაში პროდუქციის ფასი 2.5-ჯერ იზრდება“ – რას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრება და როგორია მისი დაცვის მექანიზმები

„გეოგრაფიული აღნიშვნის არსებობის შემთხვევაში პროდუქციის ფასი 2.5-ჯერ იზრდება“ – რას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრება და როგორია მისი დაცვის მექანიზმები
რას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრება და როგორია მისი დაცვის მექანიზმები. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ნინო ლიპარტიას გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ისაუბრეს, რომლის სტუმარიც იყო ბიზნესსა და სამართალზე სპეციალიზებული, „DRD ინტელექტუალური საკუთრების ფირმის“ დამფუძნებელი პარტნიორი ანა დალაქიშვილი.

როგორც გადაცემაში განმარტეს ინტელექტუალური საკუთრება არის ადამიანის ინტელექტუალური შრომის, შემოქმედების შედეგი. ეს არის იდეა, რომელიც გამოხატულია რაღაც სახის ობიექტური ფორმით, რაც შემდეგ ჰიპოთეტურად წარმოშობის საკუთრების უფლებას. იდეა არაა დაცული, დაიცვება მხოლოდ მისი ობიექტური გამოხატულება.
ანა დალაქიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია დაცული იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი არის ის რომ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ კერძო ინტელექტუალური საკუთრება, საზოგადო საკუთრება ხდება.
„იდეის ობიექტური გამოხატულების მაგალითებია: სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, ახალი ჯიშები, გამოგონება, დიზაინი და საავტორო უფლებები. ობიექტიების მიხედვით არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, გარდა საავტორო უფლებისა დანარჩენ ობიექტებზე საკუთრების უფლება ავტომატურად არ წარმოიქმნება არამედ ჭირდება შესაბამისი რეგისტრაცია, საავტორო უფლების შემთხვევაში კი ეს ხდება ნაწარმოების შექმნისთანავე. სხვა შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაცია ხდება საქპატენტში.
სასაქონლო ნიშნის (სიმბოლო, ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება მეწარმის მიერ წარმოებული საქონლის ან გაწეული მომსახურების საიდენტიფიკაციოდ და განასხვავებს მას კონკურენტის საქონლისა თუ მომსახურებისაგან) რეგისტრაცია ხდება ქვეყნის დონეზე, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელს სურს პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა და საკუთარი სასაქონლო ნიშნის დაცვა, ამისთვის არსებობს ორი გზა მან შესაბამისი ქვეყნის საპატანტო უწყებაშიც უნდა დაარეგისტრიროს სასაქონლო ნიშანი, ან მიმართოს საერთაშორისო უწყებას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO), სადაც განმცხადებელი თავად ნიშნავს, რომელ ქვეყნებში სურს მისი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, ორგანიზაცია ერთი ფანჯრის პრინციპით ანაწილებს და გარკვეული დროის შემდეგ განმცხადებელს მოსდის პასუხი ამ ქვეყნებიდან.“- განაცხადა ანა დალაქიშვილმა. მისი თქმით, უარის შემთხვევაში შესაძლებელია პასუხის გასაჩივრებაც.
ანა დალაქიშვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ სასაქონლო ნიშანი საქმიანობის დაწყებისთანავე დაირეგისტრირონ, რადგან დაცული იყვნენ იმისგან, რომ მათ ნიშანს სხვაც გამოიყენებს ან მიითვისებს, ამ შემთხვევაში კი მათ თავისი უფლებების დაცვა სასამართლოში მოუწევთ, რაც საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს.
რა პროცედურებს ითვალისწინებს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია? ანა დალაქიშვილის თქმით, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა – ტარდება განაცხადის შეტანიდან ორი თვის ვადაში; არსობრივი ექსპერტიზა – ტარდება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან ექვს თვეში, რომლის დროს მოწმდება, არსებობს თუ არა წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური ან/ და შედარებითი საფუძვლები. არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; გამოქვეყნება – ნიშნის განაცხადზე, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში განაცხადის მასალები ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. თუ გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში საქპატეტნტთან არსებულ სააპელაციო პალატაში არ შევიდა სააპელაციო საჩივარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება, მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და ერთი თვის ვადაში გაიცემა მოწმობა; ვადა არის ჩვეულებრივი – 11 თვე და დაჩქარებული -10 სამუშაო დღე
გადაცემაში ისაუბრეს გეოგრაფიულ აღნიშვნებზეც. გეოგრაფიული აღნიშვნა არის სახელი, ან სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გეოგრაფიულ ადგილზე (ადგილის სახელი ან მისი მიმანიშნებელი სხვა რაიმე აღნიშვნა) და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია იქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.
ანა დალაქიშვილის თქმით, გეოგრაფიული აღნიშვნის არსებობის შემთხვევაში პროდუქციის ფასი 2.5-ჯერ იზრდება. იზრდება ექსპორტის მოთხოვნაც. გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საქპატენტს მიმართავს ასოციაცია ან სახელმწიფო.

რა გამოწვევებს და შესაძლებლობებს უქმნის ბიზნესს და ინტელექტუალურ საკუთრებას ხელოვნური ინტელექტი და ციფრული სამყაროს გააქტიურება. ანა დალაქიშვილის თქმით, შესაძლებლობებს შორის არის ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია, რაც გულისხმობს მაგალითად მისი ლიცენზიების გაყიდვას. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური საკუთრების კვეთას, ანა დალაქიშვილის თქმით, არსებობს პრაქტიკა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი, მიეკუთვნა მას ვინც მისი შექმნის დროს, კომპიუტერს აკონტროლებდა და ხელოვნურ ინტელექტს შესაბამის დავალებას აძლევდა. ანა დალაქიშვილის თქმით, როგორც -ის ასევე ევროპის საპატენტო უწყებებმა არ დაარეგისტრირეს ობიექტი, რომლის გამომგონებლადაც მითითებული იყო ხელოვნური ინტელექტი. ერთადერთი ქვეყანა სადაც მსგავსი პატენტის რეგისტრაცია მოხდა არის სამხრეთ აფრიკა. როგორც ანა დალაქიშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მსოფლიოში კანონმდებლობა შესაბამისად დაიხვეწება, რაც შეეხება საქართველოს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებით რაიმე „ქეისი“ არ ყოფილა.
ანა დალაქიშვილის თქმით, დარგში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევაა
„გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ არ არსებობს ინტელექტუალური საკუთრების დარგობრივი სტრატეგია, რომელსაც მიჰყვება ამ სფეროში ჩართული ყველა უწყება. ამის არარსებობა იწვევს იმას, რომ დარგი ვერ ვითარდება სისტემურად. მეორე გამოწვევაა ცნობიერების დაბალი დონე სამიზნე წრეებთან,“- აღნიშნა ანა დალაქიშვილმა.