გეოგრაფიული აღნიშვნა „ხეთის მანდარინი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ხეთის მანდარინი“ „საქპატენტში“ 2021 წლის 22 დეკემბერს არის რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
ინფორმაციას „ხეთის მანდარინის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც მანდარინის იაპონური ჯიში – უნშიუ (C. Unshiu Marc.), ქართული ნიადაგის, კლიმატისა და ქართველი ადამიანის ძალისხმევით საუკეთესო ქართულ – იაპონური სახეობის პროდუქტად ჩამოყალიბდა.
თავად იაპონური ჯიშის მანდარინი ჩინეთიდან, კერძოდ, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან, ვენჟოუდან არის წარმოშობილი. ვენჟოუდან სამეგრელომდე 11 ათას კილომეტრზე მეტია.
XIX საუკუნეში იაპონიიდან ჩამოტანილი მანდარინის ჯიში იმდენად სწრაფად და კარგად შეეთვისა ქართულ გარემოს, რომ სახელწოდება „იაპონური“ ძალიან სწრაფად ამოვარდა სამეტყველო ლექსიკიდან და დღეს ციტრუსის ეს სახეობა წმინდა ქართულ ხილად აღიქმება.
ესაა ყველაზე მაღალი კლასის ციტრუსოვანი ხილი, რაც საქართველოში გაგვაჩნია. კონკრეტულად, ხეთის მანდარინი შემოდგომის სეზონზე, საშუალოდ, 300-400 ტონიანი მოსავლით გვანებივრებს და თუ მეურნეები მანდარინის პლანტაციებს უკეთესად მოუვლიან, მისი წლიური მოსავალი შეიძლება 1000 ტონამდეც ავიდეს.
ყველა მოვაჭრეს სურს, რომ მისი ციტრუსის ჯიშს ხეთის მანდარინი ერქვას, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორია ხეთის მანდარინის ამოცნობის ზუსტი წესი. გასაყიდად გამოტანილ დახლებზე გაშლილ მანდარინებს შორის ხეთის მოსავალი ყველაზე მუქი შეფერილობით გამოირჩევა. ერთ ცალს მაინც თუ გავსინჯავთ, გემოთიც უფრო მეტ სიტკბოს ვიგრძნობთ, თესლს ვერ ვიპოვით მის დანაყოფებში და, რაც მთავარია, ძალიან ადვილად მოვაცილებთ კანს. აი, ყველა ეს თვისება თუ დაემთხვა ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სწორედ ხეთის მანდარინს მიაგენით და რეალურად ხელში გაქვთ საუკეთესო მეგრული ციტრუსის ნაყოფი. მოსავალი, რომელიც ყველა ჯიშის მანდარინზე 15-20 დღით ადრე იწყებს „ოქროსფერი რთველის“ სეზონს.
ხეთის მანდარინი გაშენებულია ხობის მუნიციპალიტეტის მხოლოდ სამ სოფელში – ხეთაში, ლარჩვასა და ოხვამეკარში – ადგილებში, საიდანაც ერთი მხრიდან ზღვა მოჩანს, მეორიდან კი – ურთის მთა და ტბა. აი, ასეთ მიდამოს გადაჰყურებს ხეთის მანდარინი და თავისი მოსავლით ცდილობს, ყოველ შემოდგომას, ოქროსფერი ელფერი შეჰმატოს ამ არაჩვეულებრივ პეიზაჟს.
მის მარტივად გახარებას ხელი შეუწყო ტენიანმა, სუბტროპიკული და არაჭარბი ნალექებით შეზავებულმა კლიმატმა, რაც მანდარინს სწრაფ დამწიფებაში ეხმარება ზღვის დონიდან 30-80 მეტრ სიმაღლეზე, სადაც არ ხდება ჰაერის ცივი მასების დაგუბება. ზღვა ახლოს არის, ნიადაგის უმეტესობა კი ნეშომპალა-კარბონატული თიხებითაა გაჯერებული, კარგი წყალგამტარობა აქვს და ნაყოფის ქიმიური შემადგენლობაც უფრო მაღალ ხარისხზე ადის.
ახლა ამბობენ: ხეთის მანდარინზე ისეთი მოთხოვნაა, როგორც კი შეყვითლდება, მეურნეები დასწრებაზე არიან, ვინ უფრო მეტ მოსავალს მოკრეფსო. ერთი საუკუნის წინ კი ამ სახეობამ საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვების პერიოდი გამოიარა. თავიდან სცადეს იაპონური ჯიშის ბევრ სხვადასხვა მხარეში დარგვა. დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ სამ სოფელში გაიხარა ყველაზე კარგად. შემდეგ მეცნიერებმა ყველა ფაქტორი შეისწავლეს და დაასაბუთეს, რომ ამ ზონის კლიმატი და ნიადაგი არის ზუსტად ის, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ციტრუსის გახარებისთვის.
მოსავლელად ადვილია, მოსაკრეფად კი რთული. გასათვალისწინებელია, რომ ერთი მოსავლის კრეფა, მომდევნო წლის მოსავალს განსაზღვრავს. ამიტომ, თუ ხობის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში ოქროსფერ რთველში მონაწილეობას გადაწყვეტთ, ერთ ხელში სპეციალური მაკრატელი უნდა მოიმარჯვოთ, მეორე ხელით კი ნაყოფი დაიჭიროთ და დაუზიანებლად მოკრიფოთ, რათა მომავალი წლის მოსავალიც ტკბილი, წვნიანი და ხასხასა ყვითელი ფერის იყოს.
დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც