უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, 9 ივნისის ღამეს რუსულ სააქციო საზოგადოება „ზნიირ-პროგრესს“ დაარტყეს, ეს საწარმო „შაჰედებისთვის“ ნაწილებს აწარმოებს და უკრაინის საზღვრიდან ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დარტყმა განხორციელდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე, სადაც „შაჰედების“ ანტენები იწარმოებოდა. დადასტურდა, რომ ობიექტს მინიმუმ ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს და შემდგომში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დარტყმის შედეგები ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათი განმარტებით, თავდასხმა განხორციელდა „მტრის საჰაერო თავდასხმის იარაღის წარმოების უნარის შემცირების“ ფარგლებში.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა 9 ივნისის ღამეს, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „სავასლეიკას“ აეროდრომზე იერიში მიიტანეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ აეროდრომს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისთვის იყენებს. კერძოდ, ამ სამხედრო ობიექტიდან რეგულარულად ფრინდებიან „მიგ-31კ“ ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც „კინჟალის“ აერობალისტური რაკეტები გადააქვთ.
„წინასწარი ინფორმაციით, მტრის ორ თვითმფრინავს დაარტყეს (სავარაუდოდ „მიგ-31“-ს და „სუ-30/34“-ს). საბრძოლო მოქმედებების შედეგები ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.
